Thumbnail
  • კატალონიური კლუბი კშიშტოფ პიონტეკში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს
  • 24 წლის პოლონელი ფორვარდი კატალონიაში შეიძლება ამ ზამთარსვე აღმოჩნდეს

ბარსელონა მილანის პოლონელი ფორვარდით, კშიშტოფ პიონტეკით სერიოზულად ინტერესდება. როგორც იტალიური პრესა წერს, კატალიონური კლუბი 24 წლის ფეხბურთელს, მომავალში ურუგვაელი ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს.

ლუის სუარესის თამაშში, რომელსაც იანვარში 33 წელი შეუსრულდება, ბოლო პერიოდში აშკარად შეიმჩნევა რეგრესი. კატალონიური კლუბის ბოსებს ესმით, რომ ლუისს ფორმის პიკში დაბრუნება, ასაკის გათვალისწინებით, ძალიან გაუჭირდება. სწორედ ამიტომ, მის ადგილზე შენაძენის გაკეთებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფიქრობენ.

ლუის სუარესმა ლა ლიგის 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა

პიონტეკის გარდა, პრეტენდენტთა შორის ასევე არიან: მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), ხაიმე მატა (ხეტაფე) და ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), თუმცა კატალონიელთა პრიორიტეტული სამიზნე მაინც პოლონელი თავდამსხმელია. calciomercato იუწყება, რომ ესპანური გრანდი მზადაა, მილანს პიონტეკის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კშიშტოფ პიონტეკი მილანში 2019 წლის იანვარში, ჯენოადან გადავიდა და მასში როსონერიმ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა სერია A-ს 6 მატჩში ითამაშა და 2 გოლი მიითვალა, გუნდის მაისურით ჯამში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო.

იტალიის ჩემპიონატში გასული 6 ტურის შემდეგ, მილანს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. როსონერიმ სერია A-ს ექვსი თამაშიდან ოთხი წააგო, ასეთი ცუდი სტარტი კი კლუბს 1938/39 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები