Thumbnail
  • 📅 1 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ტოტენჰემი V ბაიერნი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • კოვაჩმა კეინი და ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდებად მოიხსენია

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მეორე ტურის მთავარი დაპირისპირება ახალ ლონდონურ არენაზეა, სადაც ტოტენჰემი მიუნხენის ბაიერნს მასპინძლობს. ტურის შემდეგ "რეკორდმაისტერს" 3 ქულა აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს კი მხოლოდ ერთი. 

ტოტენჰემი და ბაიერნი აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ - გერმანულმა კლუბმა 2 მატჩი მოიგო და 1 დათმო. ბურთებში სხვაობაც გერმანელთა სასარგებლოდაა - 6:4. 

"რეკორდმაისტერი" შესანიშნავ ფორმაშია - ზედიზედ სამი თამაში მოიგო (ცრვენა ზვეზდა, კიოლნი და პადერბორნი), რასაც ვერ ვიტყვით "დეზებზე" - ოლიმპიაკოსთან ფრის შემდეგ, ლონდონელებმა ზედიზედ ორი მარცხი იწვნიეს, ლესტერთან და კოლჩესტერთან თასზე პენალტების სერიაში, ახლახან კი შინ საუთჰემპტონს მოუგეს. 

ლევანდოვსკი მატჩისთვის მზად არის

ტოტენჰემს კვლავ არ ეყოლება ჯოვანი ლო სელსო და რაიან სესენიონი. პოჩეტინო ალბათ, 4-3-1-2 სქემას მიმართავს. ამ შემთხვევაში ალი, ლამელა და ლუკას მოურა სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან. 

აინ არპი და ლეონ გორეტცკა ტრავმირებულები არიან და "რეკორდმაისტერს" ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა ფრანგი ლუკა ერნანდესის თამაში. მის ნაცვლად სასტარტოში, ალბათ, დავით ალაბა დადგება. მცირე პრობლემები აქვს ივან პერიშიჩსაც, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი ლონდონში იმყოფება. 

მაურისიო პოჩეტინო

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემის მწვრთნელი): "ბაიერნს ისეთი ისტორია აქვს, რომ ყოველ სეზონში ტიტულისთვის იბრძვის. რად უნდა თქმა, რომ ამ სეზონშიც ჩვენი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ბოლო 5 თვეს რომ გადავხედოთ, ცხადი ხდება, რომ ჩვენ ევოლუცია გვესაჭიროება. ამას კი ახალი იდეები და მოტივაცია სჭირდება. ხვალ მოგებას ვგეგმავთ. არ გვინდა შარშანდელივით სტარტზე პრობლემები შევიქმნათ, მაშინ 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა გვქონდა". 

ნიკო კოვაჩი

ნიკო კოვაჩი (ბაიერნის მწვრთნელი): "ტოტენჰემის პროგრესი ძალზე პოზიტიური მოვლენაა თანამედროვე ფეხბურთში. ნახეთ, რამდენი რამის მიღწევა შეიძლება, მაშინ, როცა გუნდს კარგი ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ჰყავს და მას ნათელი იდეები ამოძრავებს. ჩვენ მენტალურად და ფიზიკურად უნდა ვიყოთ მზად და მეტოქის ნებისმიერ გამოცდას გავუმკლავდეთ. ვფიქრობ, ამ მატჩში ტოტენჰემის ფეხბურთელებზე ოდნავ მეტი ზეწოლა იქნება. ჰარი კეინი სენსაციური ფეხბურთელია, მოედანზე მას ყველაფერი შეუძლია - ის და რობერტ ლევანდოვსკი, ორ საუკეთესო ცენტრფორვარდს შორის არიან მსოფლიოში. მეტოქე ალბათ, პირველივე წუთებიდან პრესში მოგვაქცევს". 

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-3-1-2): ლორისი ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - ვინკსი, სისოკო, ნდომბელე - ერიკსენი - სონი, კეინი

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, პავარი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ტოლისო, კოუტინიო - კომანი, ლევანდოვსკი, პერიშიჩი

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 მატჩიდან 9-ში დაუმარცხებელია

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში ტოტენჰემი სულ მცირე, 2 გოლს უშვებს

⚽ ბაიერნმა ლონდონში ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო.

⚽ 1982/83 წლების სეზონში ბაიერნმა ტოტენჰემს ორი მატჩის ჯამში 5:2 აჯობა. 

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს 35 წელიწადია, რაც არ შეხვედრიან.

⚽ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 23-ედ თამაშობს და ამით მხოლოდ ბარსელონასა და რეალს (24-24) ჩამორჩება. 

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 საშინაო მატჩში ტოტენჰემისთვის ერთ-ერთი გუნდი მოედანს გოლის გარეშე ტოვებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები