Thumbnail
  • ლევან ჩილაჩავა ერთადერთი ქართველია, ვინც ორივე მატჩში ლელო დადო
  • ბორჯღალოსანთა პირველხაზელმა ურუგვაელი ვიზავი გააწამა

საქართველოს ნაკრების მორაგბე ლევან ჩილაჩავა 2019 წლის მსოფლიო თასის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ბორჯღალოსანი საუკეთესო თხუთმეტეულში PlanetRugby-მ შეიყვანა და შესაბამისი შეფასებაც დაურთო.

“მარჯვენა ბურჯი უელსთან პირველ შეხვედრაშიც ჩინებულად ჩაერთო, ურუგვაისთან კი უკვე სასტარტო შემადგენლობაში იყო და უდიდესი სამუშაო გასწია. შერკინებაში ჩილაჩავას მეტოქე მუდმივად უკან იხევდა, რამაც საქართველოს ნაკრებს არაერთი შეტევის წამოწყების საშუალება მისცა. ქართველი მორაგბე დაუღალავი შრომისთვის ლელოთიც დაჯილდოვდა, სანამ მას მე-2 ტაიმში შეცვლიდნენ”.

ცნობისთვის, მიმდინარე ტურნირზე ჩილაჩავა ერთადერთი ქართველია, რომელმაც ლელოს დადება ორივე მატჩში მოახერხა. უელსთან მატჩში ის 46-ე წუთზე ბექა გიგაშვილის ნაცვლად ჩაერთო, ურუგვაისთან მოგებულ შეხვედრაში კი, 48-ე წუთზე ადგილი გიორგი მელიქიძეს დაუთმო.

PlanetRugby-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია), 14. შონ მეითლენდი (შოტლანდია), 13. ჯონათან დევისი (უელსი), 12. სამუ ქერევი (ავსტრალია), 11. ჯო კოკანასიგა (ინგლისი), 10. ჯორჯ ფორდი (ინგლისი), 9. გარეთ დევისი (უელსი), 8. კაზუკი ჰიმენო (იაპონია), 7. ჯეიკ პოლედრი (იტალია), 6. მაიკლ ლიტჩი (იაპონია), 5. ლუ დე იახერი (სამხრეთ აფრიკა), 4. ალუნ ვინ ჯონსი (უელსი), 3. ლევან ჩილაჩავა (საქართველო), 2. შოთა ჰორიე (იაპონია), 1. კეიტა ინაგაკი (იაპონია).

სათქმელია ისიც, რომ 8 ნომრის პოზიციაზე PlanetRugby-ს რჩეულთა შორის ოთარ გიორგაძეც მოხვდა, რომელმაც ურუგვაელები ასევე დაალელოვა, თუმცა, საბოლოოდ, მას იაპონელი კაზუკი ჰიმენო ამჯობინეს. სიმბოლურ ნაკრებში მასპინძელთა მხრიდან 4 მორაგბე მოხვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები