Thumbnail
  • კატასტროფული სტარტის შემდეგ, მილანმა მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრი დაიწყო
  • ჯამპაოლომ ჯენოას აუცილებლად უნდა მოუგოს, სხვა შემთხვევაში მას გააგდებენ
  • პაოლო მალდინი მილანის ყოფილ თავდამსხმელს, ანდრეი შევჩენკოს დაუკავშირდა

კატასტოფული სტარტის შემდეგ, მილანის ხელმძღვანელობა იძულებულია, მწვრთნელის შეცვლაზე იფიქროს. ფიორენტინასთან წაგება მილანისთვის მეოთხე იყო ბოლო ექვს თამაშში. მატჩის შემდეგ მილანის მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ ღიად განაცხადა, რომ "მილანი გუნდი არ იყო და ყველანაირი ორგანიზაციის და პასუხისმგებლობის გარეშე ითამაშა".

მილანის ხელმძღვანელობამ ჯამპაოლოს მხარდაჭერა სცადა. პაოლო მალდინიმ აღიარა, რომ შედეგები კატასტროფულია, თუმცა ეს ჯამპაოლოს ბრალი ნაკლებად არის. მისი თქმით, გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სტრესს და პასუხისმგებლობის სიმძიმეს რთულად ეგუებიან. მალდინის აზრით, სწორედ ამის გამო, მილანს გასვლაზე თამაში უფრო გამოსდის - "სან სიროზე" თავისივე გულშემატკივარი გუნდისთვის დამატებითი სტრესია.

დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, იტალიური პრესის ცნობით, ჯამპაოლოს ერთი თამაში დარჩა - შემდეგ კვირას მილანმა ჯენოას აუცილებლად უნდა მოუგოს იმისთვის, რათა მან თანამდებობა შეინარჩუნოს.

ჯამპაოლოს წასვლის შემთხვევაში, სარეზერვო ვარიანტად ანდრეი შევჩენკო მიიჩნევა. პრესის ცნობით, მალდინი მასთან კონტაქტზე უკვე გავიდა. შევჩენკო მილანის ლეგენდაა და 2016 წლიდან იგი უკრაინის ნაკრებში წარმატებით მუშაობს.

პრობლემა ის არის, რომ შევჩენკოს კონტრაქტი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე აქვს და უცნობია, რამდენად მიატოვებს უკრაინელი თავის საქმეს და შუა სეზონში გადაწყვეტს პრობლემური მილანის გაწვრთნას.

ორიოდე დღის წინ კი, იტალიური პრესა იმასაც წერდა, რომ კლუბის ამჟამინდელი მფლობელი საინვესტიციო ჯგუფი "ელიოტ მენეჯმენტი" ზამთარში მილანის გაყიდვას აპირებს, პოტენციური ახალი მფლობელის მთავარი სურვილი კი მაქსი ალეგრის დაბრუნებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები