Thumbnail

ერთხელ მაინც თუ გინახავთ ტონი ფერგიუსონი, ის არასოდეს დაგავიწყდებათ - ოქტაგონზე ტონი ისე გამოიყურება, როგორც მელ გიბსონის „აპოკალიპტოს“ პერსონაჟი - აცტეკების, თუ მაიას ტომის მებრძოლივით რომ არჩევს მომენტს, როდის მოსპოს მოწინააღმდეგე. ის ხალხი, ვინც ტონის ოქტაგონზე შეხვედრია, ომში დასახიჩრებულებს უფრო გვანან, ვიდრე ოქტაგონზე ბრძოლაში ნაცემებს. ბევრი სისხლი ტონის საფირმო ნიშანია.

კარგი ის არის, რომ ტონი რეალურ ცხოვრებაშიც ასეთია - მისი ეგზოტიკური სტილი და იმიჯი მხოლოდ ბრძოლების პრომოუშენის და სარეკლამო იმიჯისთვის არ არსებობს - ტონი არ თამაშობს - ის თავის სამყაროში ცხოვრობს და ამ სამყაროში მეტოქეების უმოწყალოდ ცემა მიღებული ამბავია. საერთოდაც მგონია, რომ ტონი თავის თავში დემონებს უფრო ებრძვის და შემდეგ მათზე გაბრაზებული მეტოქეებს უსწორდება.

შესაძლოა, სწორედ ტონი ფერგიუსონი იყოს პასუხი კითხვაზე - ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

მაიკლ ჯონსონი-UFC: “მე ორივესთან მიბრძოლია. არ ვამტკიცებ, რომ ის ხაბიბს დაამარცხებს, თუმცა მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ 25 წუთის განმავლობაში ხაბიბს არაფერი დაუთმოს.“

ტონი V ხაბიბი - ნანატრი ბრძოლის ამბავი

UFC დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება - ამ სამყაროში სულ მცირე ბოლო 1 წელია, მთავარი კითხვა სწორედ ეს არის - ვინ დაამარცხებს ხაბიბს. უფრო სწორად, დაამარცხებს კი ვინმე ხაბიბს?

მას 28-დან 28 ბრძოლა მოგებული აქვს და, როგორც თვითონ ამბობს, ამ სპორტში დიდხანს დარჩენას აღარც აპირებს. ერთი ვერსიით, ხაბიბი კიდევ ორ ბრძოლას გამართავს და კარიერას დაასრულებს. ერთადერთი კაცი, რომელთანაც მას ურთიერთობა არ გაურკვევია, სწორედ ტონი ფერგიუსონია. მათი ბრძოლა უკვე ოთხჯერ ჩაიშალა - ორჯერ ხაბიბმა მიიღო ტრავმა უკვე დანიშნული ბრძოლის წინ, ორჯერაც ტონიმ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ბოლო შემთხვევა იყო - ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, ტონი ინტერვიუს აძლევდა, კაბელს წამოედო და მუხლში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

ტონი ხაბიბისთვის მხოლოდ სახიფათო კონკურენტი არ არის, მასაც ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, რომ საუკეთესოდ მიიჩნეოდეს. ხაბიბის მსგავსად, მასაც 28 ბრძოლა აქვს გამართული და ბოლო ბევრ წელიწადში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, დანარჩენი ორი მარცხი მისი კარიერის საწყის ეტაპზე მოდის, როცა ის UFC-ში ჯერ კიდევ არ ჩხუბობდა.

ორივე ეს მებრძოლი UFC-ში მსუბუქი წონის ისტორიაში ყველაზე გრძელ, 12-მატჩიანი მოგებების სერიას ფლობს. ხაბიბი არასოდეს დამარცხებულა, ტონის, როგორც აღვნიშნე, UFC-ში ერთი მარცხი აქვს, თუმცა ისიც ქულებით, მაიკლ ჯონსონთან - სრულიად ლეგიტიმურია ვთქვათ, რომ ხაბიბის მსგავსად ტონიც არავის უცემია.

თანამედროვე ივან დრაგო - ანუ, რატომ უნდათ ხაბიბის წაგება?

ხაბიბს სრულიად სამართლიანად აქვს პრეტენზია, რომ სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ უდიადესად მიიჩნეოდეს. მის დამარცხებასთან ახლოსაც კი ვერავინ მივიდა. პრობლემა ის არის, რომ ხაბიბი ფართო მასების თვალში სახალხო ჩემპიონი მაინც ვერ გახდა - ეს არცთუ ისე სანახაობრივი საბრძოლო სტილის გარდა, მისი იმიჯის ბრალია. დაღესტნის მთებში დათვთან ჭიდაობაში გაზრდილი ბიჭის ამბავი პლანეტისთვის საკულტო ისტორიად ვერ იქცა. სწორედ ამიტომ, რამდენიც არ უნდა ცემოს მან კონორ მაკგრეგორი, ირლანდიელი, მისი გამაღიზიანებელი ეპატაჟურობის მიუხედავად, მაინც უფრო მეტად საკულტო ფიგურად რჩება.

ხაბიბი მთების, კავკასიური კულტურის შვილია - მისი მობანდიტო ელემენტებისგან შემდგარი გარემოცვა, ფაფახი ბრძოლის წინ, მკვეთრი აქცენტი რელიგიურობაზე, ცოლი, რომელიც არავის უნახავს („მისი სილამაზე მხოლოდ ხაბიბს ეკუთვნის“ - ასე ამბობს მამამისი) და მისი იმიჯის შემადგენელი სხვა ელემენტები, ფართო მასებისთვის უცხო და გამაღიზიანებელია. ხაბიბი დაღესტნის მთების, თავისი სოფლის ტრადიციების ნაწილად დარჩა - ეს არის მისი სიძლიერეც. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ის უფრო თანამედროვე „ივან დრაგოა“, ვიდრე საყვარელი ჩემპიონი.

დაღესტნელი არწივი თუ ლათინოსი მოჩვენება

ხაბიბი და ტონი ორი განსხვავებული კულტურიდან, ორი განსხვავებული სამყაროდან მოდიან. საერთო მათ ერთი აქვთ - ცივილიზებული სამყაროსთვის ორივე მათგანი უცნაური სტუმარია. ამ მებრძოლების საბრძოლო სტილსა და ტექნიკურ მონაცემებზე ქვემოთ დავწერ, ამ შემთხვევაში უფრო მათი ფსიქოლოგიაა საინტერესო.

ხაბიბი, როგორც აღვნიშნე, მთიანი კავკასიის შვილია - ოქტაგონზე ის ისეთივე სასოწარკვეთილი თავგანწირვით იბრძვის, როგორც მთის ხალხებს ჩვევიათ - ცოტას ბევრის წინააღმდეგ, აი ისე, როგორც ჩეჩნები რუსებს ებრძოდნენ. წარმოგიდგენიათ სცენა, ხაბიბი რომ ნებდება? მე - არა! ხაბიბს რომ მოუგო, ის ცემაში უნდა მოკლა, სხვანაირად მე არ წარმომიდგენია. სწორედ ეს არის მისი მთავარი ძალა - მაგალითად, რომელიმე დასტინ პორიე ზედმეტად ნორმალურად გამოიყურება იმისთვის, რომ ხაბიბის წინააღმდეგ შანსი ჰქონდეს.

ტონი ფერგიუსონის მთავარი შანსი ის არის, რომ ხაბიბის მსგავსად, ისიც ცივილიზებული სტანდარტისთვის უცხოპლანეტელია. ტონი თითქოს ინდიელების ეპოქიდან გადმოვარდა თანამედროვე სამყაროში. საერთოდაც, მისი სახელი, ტონი ფერგიუსონი რომ ბრიტანულ-ამერიკულად ჟღერს, მისი შოტლანდიელი მამინაცვალის დამსახურებაა. მის გარეშე ტონის სახელი ასეთი იქნებოდა - ენტონი არმან ფერგიუსონ პადილია. ლათინურ-ამერიკული კულტურის ნაწილია მისი მეტსახელიც - „ელ კუკუი“. „ელ კუკუი“ Boogeyman-ს ნიშნავს, ბოროტ კაცს, რომელიც ბავშვებს იტაცებს - მისით ლათინურ ამერიკაში ბავშვებს აშინებენ.

ტონის არაორდინალურობას ტკივილისა და სისხლის მიმართ მისი სიყვარული განაპირობებს. რაც უფრო ბრუტალურია ბრძოლა, რაც მეტია სისხლი, ტონი უფრო კარგად გრძნობს თავს - მნიშვნელობა არ აქვს ეს სისხლი მისია, თუ მოწინააღმდეგის. თითოეულ დარტყმაზე „ელ კუკუი“ თითქოს უფრო ძლიერი ხდება - ურტყამ და ის უფრო ძლიერდება Fight Club-ის პერსონაჟივით. ტკივილს ის ჩვეულებრივი ადამიანივით არ აღიქვამს. ბევრჯერ გვინახავს ყველაზე უფრო ბრუტალური ბრძოლების დროს ტონის სახეზე ბედნიერი ღიმილი. ოქტაგონზე მას დემონური ძალა აქვს.

ხაბიბი მთის კულტურისთვის სახასიათო მკაცრ, მეომრულ ასკეტურობას განასახიერებს, ტონი ფერგიუსონი კი - სამხრეთულ ემოციას და თავზეხელაღებულობას. განსხვავებულია მათი ქცევა ოქტაგონზეც - ხაბიბი ჩუმი, თავშეკავებული და კონცენტრირებულია, ტონი მუდამ იცინის და მეტოქეს ელაპარაკება.

ედი ალვარესი (UFC-ის მებრძოლი): „ტონის თავისებური მისტიკა აქვს. ის არასოდეს ნებდება და მუდამ აჩვენებს თავის გაუტეხელობას. ის ბრძოლის ძველი სკოლის პრინციპებს განასახიერებს. მისი წყალობით იგი ოქტაგონზე არნახული ძალით გამოდის.“

ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ იგი ფეხზე არაადეკვატურად სწრაფად, ექვს თვეში, დადგა. ტონის და ტკივილს თავისებური ურთიერთობა აქვთ.

შიზოფრენიკის ქრონიკები

ტონი ძალიან დალაგებულად არასოდეს გამოიყურებოდა - საკმარისია, მისი ერთი ინტერვიუ ნახოთ, ამაში მაშინვე დარწმუნდებით. ჯერ კიდევ 2012 წელს ის კრისტინას, თავის ცოლს, თავს დაესხა, რადგან „გადაწყვიტა“, რომ მასში დემონები ჩასახლდნენ. ამის შემდეგ, მას რისპერიდონით მკურნალობა მოუწია - პრეპარატი, რომელიც ამერიკაში შიზოფრენიის და ბიპოლარული აშლილობის დროს გამოიყენება.

2016 წელს ტონიმ გადაწყვიტა, რომ მას უთვალთვალებდნენ და კამერები მაცივარში, კონდიციონერში და სარკეში იყო დამალული. მან სახლში ელექტროობა გათიშა და კონდიციონერი მაცივრითურთ ასე „გააუვნებელყო“, ხოლო სარკე დალეწა და მისი პრობლემა ასე „გადაწყვიტა“.

ამ წელს ტონის პრობლემებმა უფრო სერიოზული ხასიათი შეიძინა. რამდენიმე თვე იგი მზად არ იყო, რომ ოქტაგონზე დაბრუნებულიყო - სახლში ეძებდა გადამცემებს და ყველაფერი დალეწა, ეძებდა ჩამონტაჟებულ ჩიპს საკუთარ მუხლში, შვილს არ აძლევდა საკვების მიღებას საშუალებას, რადგან ეგონა, რომ მას წამლავდნენ, ცოლს აბრალებდა, რომ იტალიაში გაქცევას აპირებდა, არადა კრისტინა ფერგიუსონი არც იტალიელია და არც ამ ქვეყანასთან აქვს რამე საერთო. ექიმისკენ გზაზე კი მთელი სიჩქარით მიმავალი მანქანიდან გადახტა და გაიქცა. ბოლოს იგი მკურნალობას დათანხმდა და მაშინ, როდესაც არავის ეგონა, რომ მისი ჩქარა დაბრუნება რეალისტური იყო, სულ რამდენიმე თვეში დაამარცხა ნერვული აშლილობის და შიზოფრენიის სიმპტომები.

ტონი: „მე არ ვარ უცნაური, უბრალოდ შეზღუდული გამოშვება ვარ.“

ასე რომ, თუკი ეს ბრძოლა შედგა, ხაბიბს მენტალურად მასზე არანაკლებად მდგრადი მოწინააღმდეგე ეყოლება.

ედი ბრავო თუ აბდულმანაპი

ტონისაც და ხაბიბსაც გამორჩეული მწვრთნელები ჰყავთ, რომლებიც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ხაბიბის მწვრთნელი და მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მამამისი - აბდულმანაპ ნურმაგომედოვია. აბდულმანაპი პროფესიონალი მწვრთნელი და ყოფილი სამხედროა, რომელმაც სამბო და ძიუდო სწორედ ჯარში ისწავლა. ბავშვობიდანვე ხაბიბი ბრძოლას  მამამისთან სწავლობდა. მისი უბრალოება, სიმკაცრე და ასკეტიზმი სწორედ მამამისიდან მოდის. როდესაც ხაბიბმა მაკგრეგორთან ბრძოლის მერე იჩხუბა, მამამისი პუტინთან შეხვედრის დროს მას ჰპირდებოდა, რომ "ცუდი ქცევისთვის" ხაბიბი დაისჯებოდა. ეს იყო აბსოლუტურად პატრიარქალური სცენა.

აბდულმანაპი და ხაბიბი

ტონის მწვრთნელი ედი ბრავო ასევე ძალიან საინტერესო კაცია. ტონის მსგავსად, ისიც მექსიკო-ამერიკელია, რომელიც ახალგაზრდობის წლებში სრულიად სერიოზულად აპირებდა მუსიკოსობას, უკრავდა და 21 წლის ასაკში ჰოლივუდში სწორედ მუსიკალური კარიერის ასაწყობად წავიდა. ბრძოლებში მან თავისი კარიერა ძალიან გვიან დაიწყო.

ბრავო ჯიუ-ჯიცუში შავი ქამარის მფლობელია და მოგუდვის სპეციალისტად მიიჩნევა. ტონის მისგან ორი რამ ერგო: კონსპირაციული თეორიების სიყვარული, რომელმაც იგი შიზოფრენიამდე მიიყვანა (მაგალითად, ბრავოს სრულიად სერიოზულად სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია) და ვარჯიშის კრეატიული მანერა. ბრავოსთან ერთად ტონის საწვრთნელი სტილი ყველასგან განსხვავებულია. ფერგიუსონს კალიფორნიის მთებში თავისი საწვრთნელი ბანაკი "დიდი დათვი - Big Bear" აქვს, სადაც იგი სრულიად განსაკუთრებულად ვარჯიშობს.

ჯერემი სტივენსი, UFC-ს მებრძოლი ფერგიუსონის წვრთნის სისტემის შესახებ: "ჩვენ 6 საათზე მეტი გადაბმულად ვივარჯიშეთ, შემდეგ ცოტათი დავისვენეთ, "როკი 4-ს" ვუყურეთ და ღამის პირველ საათზე ისევ სარბენად წავედით."

რატომ აქვს ტონის შანსი - ყველაზე მრავალფეროვანი მებრძოლი

ხაბიბის წინააღმდეგ UFC-ის სამყარომ ვერაფერი მოიფიქრა. მისი სტილი - პრესინგი, takedown და პარტერში მეტოქის განადგურება, შეიძლება ვინმესთვის მოსაწყენია, თუმცა დღემდე ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა. არავის აქვს პასუხი ხაბიბის takedown-ზე, ვერავინ უწევს დაღესტნელს კანვასზე, ჭიდაობის დროს, წინააღმდეგობას. თუკი ხაბიბი ერთ, მაგრამ იდეალურ სტრატეგიასთან ასოცირდება, ტონი ყველაზე მრავალფეროვანი მებრძოლია - ის სახიფათოა ახლო და შორ დისტანციებზეც, ფეხზეც მაგრად ჩხუბობს და პარტერშიც.

შენიშვნა: takedown ეწოდება, როდესაც ერთი მებრძოლი ილეთით ძირს აგდებს მეორეს.

ტონი კარგად მოძრაობს

ხაბიბი ნებისმიერ ეპიზოდში ცდილობს, მეტოქე პარტერში ჩაიყვანოს - მთელი მისი ბრძოლა ამისთვის მზადებაა. ყველაზე სახიფათო ხაბიბი კედლების სიახლოვესაა - იგი თავისი პრესინგით ცდილობს, მეტოქე სივრცის გარეშე დატოვოს, კედელთან მიიმწყვდიოს და იქ გაუსწორდეს. ტონის კარგი შანსი აქვს, დაღესტნელს მისი საყვარელი ტაქტიკის გამოყენების საშუალება რომ არ მისცეს. ტონი ძალიან ბევრს ვარჯიშობს მოძრაობაზე - ოქტაგონზე მოძრაობა ტონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. შერეულ ბრძოლებამდე იგი მძლეოსნობით, ამერიკული ფეხბურთით და ბეისბოლით იყო დაკავებული და ძალიან კარგი ფეხების მოძრაობა, ე.წ. Footwork აქვს.

ძალაში იგი ხაბიბს ჩამოუვარდება, თუმცა მასზე უფრო ელასტიური, მოქნილი და მოძრავია. ტონი კარგად ფლობს და კარგად გრძნობს სივრცეს და შეუძლია მეტოქისთვის სასურველი პოზიციები თავისი მოძრაობის ხარჯზე თავიდან აირიდოს.

დისტანციის ცვლილება

ხაბიბთან ბრძოლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხზე დარჩენა და პარტერში გადასვლისგან თავის არიდებაა. ტონი ძალიან კარგად აკონტროლებს დისტანციას, ძალიან სწრაფია და სწრაფად შეუძლია დისტანციის შეცვლა - ახლოს მოსვლა და ისევ უკან გასვლა.

დისტანციის კონტროლს ხაბიბთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - თუკი დაღესტნელთან ზედმეტად ახლოს მოხვდი, ის აუცილებლად გადაგიყვანს პარტერში. ტონის პლუსი ის არის, რომ მას უფრო გრძელი ხელების სიგრძე .ე.წ Wingspin აქვს - ტონის გაშლილი ხელების სიგრძე 194 სანტიმეტრია, ხაბიბის კი მხოლოდ 178 – 16 სანტიმეტრი მნიშვნელოვანი სხვაობაა. გრძელმა ხელებმა ტონის საშუალება უნდა მისცეს, რომ დისტანცია შეინარჩუნოს და ხაბიბი ახლოს იოლად არ მიუშვას.

ტონი დისტანციას თავისი გრძელი აპერკოტითაც აკონტროლებს და ფეხის დარტყმით, ე.წ. Front kick-ითაც.

ტონი ფერგიუსონის აპერკოტი

დისტანციის სწრაფი ცვლილების უნარი ტონის შანსს აძლევს, რომ თან შეინარჩუნოს დისტანცია და თავი დაიცვას takedown-სგან და თან არ დაკარგოს შეტევის შესაძლებლობა და თავისი შეტევის დროს სწრაფად შეამციროს მანძილი. ტონის takedown-ის 77 პროცენტი დაცული აქვს - ანუ მეტოქის 4 takedown-ის მცდელობიდან ტონი სამს იცავს და ფეხზე რჩება - ეს ძალიან კარგი შედეგია.

ტონი პარტერშიც ძალიან კარგია

ტონი დისტანციას კარგად აკონტროლებს და takedown-საც კარგად იცავს, თუმცა, ნათელია, რომ ხაბიბთან მთელ ბრძოლას ფეხზე ვერ გაატარებს - ხაბიბის takedown-ები, ხშირად თუ არა ხანდახან მაინც, წარმატებული იქნება.

ტონი ფერგიუსონს მაკგრეგორთან, პორიესთან ან ნებისმიერ სხვასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ის პარტერშიც ძალიან კარგია. ზემოთ, ფერგიუსონის მრავალფეროვნება ვახსენე - მაგალითად, იგივე მაკგრეგორის ერთადერთი შანსი ხაბიბთან ადრეულ რაუნდებში ნოკაუტი იყო. ყველამ ვიცოდით, რომ როცა ხაბიბი კონორს წააქცევდა, ქვემოთ, პარტერში ირლანდიელი უშანსოდ იყო. ტონის შემთხვევაში ასე არ არის - პარტერში უპირატესობა ხაბიბს ექნება, თუმცა ტონი ქვემოთაც ძალიან სახიფათოა.

ტონი ეცდება takedown-ები თავიდან აირიდოს, თუმცა როცა ვერ აირიდებს, მას პარტერში თავისი შანსები ექნება. „ელ კუკუის“ ბევრი ბრძოლა აქვს პარტერში ეფექტური მოგუდვით და დანებებით (ე.წ. submission) დასრულებული - ე.წ. დ,არსის მოგუდვა საერთოდაც მისი სავიზიტო ბარათია. ასე რომ ხაბიბი პარტერში ფავორიტია, თუმცა ტონიც უშანსოდ არ იქნება.

ედი ალვარესი - UFC: „ვფიქრობ, რომ ტონი ფერგიუსონს ხაბიბთან ბრძოლაში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს. სტილისტიკის თვალსაზრისით, მას არ შეეშინდება ხაბიბთან პარტერში გადასვლა.“

გამძლეობის უნარი

ხაბიბი ფიზიკურად UFC-ში ალბათ ყველაზე ძლიერი მებრძოლია. მეტოქეების უმეტესობამ მასთან იცის, რომ თუნდაც თეორიული შანსი მხოლოდ პირველ რაუნდებში აქვს. ასე იყო მაკგრეგორის, ან პორიეს შემთხვევაშიც. მათი ერთადერთი შანსი პირველ რაუნდებში ნოკაუტი იყო, იქამდე, სანამ დაიღლებოდნენ, ხელში ძალასაც დაკარგავდნენ და მოძრაობაც შეუნელდებოდათ.

ტონი ფერგიუსონს, ხაბიბის მსგავსად, UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესო კარდიო აქვს - მისი დილა 10 კილომეტრიანი გარბენით იწყება და ხაბიბივით მასაც უყვარს გვიან რაუნდებში დომინაცია. არცერთი მათგანი პირველი რაუნდის მებრძოლი არ არის. ტონიმ საერთოდაც უკვე რამდენჯერმე დათმო პირველი რაუნდი. ანუ ტონი ის იშვიათი მებრძოლია, რომელიც ხაბიბმა ვერ უნდა დაღალოს. “ელ კუკუის” მასთან ხუთივე რაუნდი თანაბარი ბრძოლის ამბიცია ექნება.

მრავალფეროვანი შეტევა

ზემოთ კონორი და პორიე ვახსენე და მათი იმედი, რომ პირველ რაუნდებში ნოკაუტისთვის მიეღწიათ. ეს ყველაფერი თეორიაა, პრაქტიკულად, კი ხაბიბი ნოკდაუნდშიც კი არასოდეს ყოფილა.

მეტიც, მაიკლ ჯონსონის გარდა, არც არავინ მახსენდება, ვინც ბოლო პერიოდში ხაბიბს სახეში მოარტყა. იქამდე, სანამ ხაბიბი მეტოქეს პარტერში გადაიყვანს, იგი იდეალურად იცავს თავის სახეს - ანუ ფეხებზეც ხაბიბი ძალიან კარგი მებრძოლია. ბოლო 37 რაუნდში მას 36 მოგებული აქვს - ეს ფენომენალურ სტაბილურობაზე მეტყველებს. იმისთვის, რომ მისი დაცვა გაარღვიო, არასტანდარტული შეტევაა საჭირო. არასტანდარტული შეტევის მეფე კი ტონი ფერგიუსონია.

ფერგიუსონს ერთი სტილი და სტრატეგია არ გააჩნია. იგი სტილისტურად ნორმიდან ამოვარდნილია. არასტანდარტულია, როგორც მისი ბრძოლის, ასევე მისი ვარჯიშის სტილი. მაგალითად, ბოლო ბრძოლაში სერონემ ვერაფრით აუღო ალღო ფერგიუსონის შეტევებს და ბრძოლა საშინლად დასახიჩრებულმა დაასრულა.

სერონე ტონი ფერგიუსონთან ჩხუბის შემდეგ

ტონისთან ბრძოლაში ხაბიბს და მის გუნდს ძალიან გაუჭირდებათ მომზადება, რადგან მათი მეტოქე ოქტაგონზე ძალიან ხშირად იმპროვიზაციის ხარჯზე მოქმედებს. ტექნიკურად ტონის არსენალში ბევრი სხვადასხვა არასტანდარტული იარაღია - მათ შორის მუხლები, გრძელი აპერკოტი და უკვე საფირმოდ ქცეული იდაყვები.

იდაყვებს ტონი ფერგიუსონი განსაკუთრებულად ხშირად ხმარობს - ეს მისი მთავარი იარაღია. არავინ იცის, როდის და საიდან წამოვა მისი შეტევა და მისი დარტყმა. ტონი ძალიან კრეატიულია და მეტოქის მიხედვით იგი მუდამ ცვლის კომბინაციებს და შეტევის სტრატეგიას. მისი დარტყმების არსენალი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ტონის ამის შესაძლებლობა აქვს.

ტონი ფერგიუსონი: „მე ძალიან ინტელექტუალური სტილი მაქვს. ბიჭებო, თქვენ ამას უცნაურს ეძახით იმიტომ, რომ არ გესმით. მე უკვე ორი დოქტორის ხარისხი მაქვს ბრძოლაში და ახლა მესამეზე ვმუშაობ.“

ტონის სტილი ერთ დარტყმაში მეტოქის დანოკაუტებაზე მეტად, უფრო მეტოქის სისტემატიურად ცემას ეფუძნება. მისი ნოკაუტებიც უფრო ხშირად სისტემური უპირატესობის შედეგია ხოლმე. ხაბიბთან პოტენციურ ბრძოლაში, ტონისთვის რეალისტური ნოკაუტიც შესაძლოა იყოს და ქულებით გამარჯვებაც.

არ უნდა გამოვრიცხოთ, არც მოგუდვა და დანებება (ე.წ. submission) - ტონის არსენალში რამდენიმე ძალიან კარგი იარაღია - მათ შორის ზემოთხსენებული დ,არსის მოგუდვა და ე.წ. 'გილიოტინა'.

ჩვეულებრივ, ხაბიბის წინააღმდეგ ამ ილეთების გამოყენება შეუძლებლად მიიჩნევა. ერთადერთი, ვინც ხაბიბის მოგუდვა სცადა მაიკლ ჯონსონი იყო - დაღესტნელს ზუსტად 12 წამი დასჭირდა, რომ მეტოქის ილეთისგან თავი დაეხსნა და მომგებიან პოზიციაში გადასულიყო. თუმცა, ტონის ერთ ბრძოლაში საშუალოდ უფრო მეტი მოგუდვის მცდელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ მეტოქეს, რომელიც ხაბიბს აქამდე ჰყოლია. ამ კომპონენტში ხაბიბი ფავორიტად რჩება, თუმცა ყურადღებით ყოფნა მოუწევს - ტონი მოგუდვის სპეციალისტია.

მთავარი პრობლემა - ჩაგდებული მონაკვეთები

თუკი ხაბიბი ბრძოლის ყველა ეტაპზე დომინირებს, ტონის ახასიათებს ცალკეული მონაკვეთების ჩაგდება. მისთვის კარგი ის არის, რომ თავისი ამტანობის და ხასიათის ხარჯზე, იგი წამგებიანი სიტუაციებიდანაც ძალიან კარგად ახერხებს ბრძოლაში დაბრუნებას. ასე იყო მაგალითად აბელ ტრუხილიოსთან, როდესაც ტონი ბრძოლაში ნოკდაუნდის შემდეგ დაბრუნდა. ტონის დარტყმები ეპარება ხოლმე. შესაძლოა, მისთვის ხაბიბის დარტყმა იმდენად სახიფათო არ იყოს, რადგან დარტყმა ხაბიბის მთავარი იარაღი არ არის, თუმცა თუკი მან ბრძოლის რომელიმე მონაკვეთი ისე ჩააგდო, როგორც, მაგალითად, კევინ ლისთან ბრძოლის სტარტი, ხაბიბი მას ბრძოლაში დაბრუნების შანსს აღარ მისცემს.

რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს ტონი ფერგიუსონი, ხაბიბი ფავორიტი იქნება. თუმცა ცხადია ერთი რამ: თუკი ვინმეს ოდესმე უწერია დაღესტნელის დამარცხება - ეს ტონი ფერგიუსონი უნდა იყოს.

გულშემატკივარი იმსახურებს დიდ ბრძოლას - ორ განსხვავებულ სტილს, ხასიათსა და მსოფლმხედველობას შორის. დანარჩენი უკვე დანა უაითის საქმეა - ეს ბრძოლა უნდა შედგეს - „ელ კუკუი“ დაღესტნელი „არწივის“ წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები