Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელის გუნდმა მალაგაში იმარჯვა
  • შერმადინმა 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ცენტრმა დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგი შერმადინი მალაგაში ტენერიფელთა მაისურით დაბრუნდა

ტენერიფელები შერმადინის ყოფილ კლუბ უნიკახას ესტუმრნენ და ჩინებულად ჩატარებული მე-3 მეოთხედის (27:11) ხარჯზე, მეტოქე 88:80 დაამარცხეს.

შერმადინის გარდა, მალაგელებს წირვა ფინელმა სასუ სალინმა და ესპანელმა დანი დიეზმა გამოუყვანეს, რომლებიც ჩვენებურის დარად, გასულ სეზონში უნიკახას ღირსებას იცავდნენ. ამ ამბავს ესპანური ლიგის ვებგვერდი სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა.

📺 შერმადინის, დიეზის და სალინის რევანში

შერმადინი სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 31:52 წუთი გაატარა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

გიორგიმ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

📺 შერმადინის ორმაგი დაფარება

შედეგად, გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ხსენებულ სალინს (24 ქულა) და დიეზს (19 ქულა, 9 მოხსნა) ჩამორჩა, გუნდის ბრაზილიელმა ახალწვეულმა მარსელინიო უერტასმა კი 11 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

იბეროსტარ ტენერიფეს თითო მოგება-წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი, 5 ოქტომბერს, შინ, მადრიდის რეალთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები