Thumbnail
  • არტურ რამოსმა საღამო ნეიმარის კომპანიაში გაატარა და ფოტოც გამოაქვეყნა
  • ფეხბურთელის საქციელის გამო კატალონიურ კლუბში უკმაყოფილო დარჩნენ
  • ბარსელონას მთავარ მწვრთნელს ნეიმარზე შეკითხვის გაგონება აღარ სურს  

ბარსელონაში უკმაყოფილო დარჩნენ იმ ფაქტის გამო, რომ გუნდის ნახევარმცველმა არტურ რამოსმა საღამო პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის, ნეიმარის კომპანიაში გაატარა. მოგვიანებით 23 წლის ბრაზილიელმა თანამემამულესთან გადაღებული ფოტო ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.

კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არტურის საქციელში ცუდს ვერაფერს ხედავს. ბარსას თავკაცის თქმით, ის ძალიან დაიღალა ნეიმარზე საუბრით.

"ნეიმარზე საუბარი არათუ არ მთავრდება, არცკი იკლებს. ზაფხულში ყველას გვსურდა, მალე მოსულიყო სექტემბერი, რომ ეს ხმები დასრულებულიყო. ვოცნებობ პრესკონფერენციაზე, სადაც ნეიმარზე დასმულ შეკითხვებზე არ მომიწევს პასუხების გაცემა", - თქვა ვალვერდემ ხეტაფესთან თამაშის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

ბარსელონას თავკაცს ნეიმარის სახელის გაგონებაც აღარ სურს

რამოსი გასულ სეზონშიც გააკრიტიკეს, როდესაც ნეიმარის დაბადების დღის წვეულებას დაესწრო. მაშინ არტური ერთადერთი წარმომადგენელი იყო ბარსელონიდან, რომელიც კლუბის ყოფილი ფეხბურთელის წვეულებას პარიზში დაესწრო.

მიმდინარე სეზონში არტურ რამოსმა ესპანეთის პრიმერას 3 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. 23 წლის ფეხბურთელი გუნდის განაცხადშიც მოხვდა ლა ლიგის მე-7 ტურში, სტუმრად ხეტაფესთან გასამართ მატჩში. 

ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა. კატალონიური კლუბის მაისურით ბრაზილიელმა ჯამში 186 მატჩში ითამაშა და 105 გოლი მიითვალა. 2017 წლის ზაფხულში ის პარი სენ-ჟერმენში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში უძვირფასესად რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები