Thumbnail

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია! ქართველმა გოლიათმა მორიგ წარმატებას ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიაღწია, სადაც დღეს შეჯიბრი მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ.) ჩატარდა. ლაშამ კონკურენტებს ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობით აჯობა.

ტალახაძემ ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდები დაამყარა და სამი ოქროს მედალი აიღო! ტრიუმფის შემდეგ, ლაშამ კომენტარი გააკეთა და გამარჯვება ომში დაღუპულ ქართველ გმირებს მიუძღვნა. კომენტარები საქართველოს ძალოსნობის ნაკრენის მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმაც გააკეთეს.

ლაშა ტალახაძე: “პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჯვართამაღლებას. მინდა, ჩემი დღევანდელი გამარჯვება მივუძღვნა მთელ საქართველოს და იმ გმირებს, ვინც თავი შესწირა საქართველოს მთლიანობას. მინდა, მალე გაბრწყინებული და გამთლიანებული გვენახოს ჩვენი საქართველო. დიდება ჩვენ გმირებს”.

გიორგი ასანიძე (საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელი): “27 სექტემბერი მძიმე დღე იყო საქართველოს ისტორიაში, რადგან ამ დღეს დაეცა სოხუმი. ნათელი ხსოვნა იყოს მათი, ვინც ამ ბრძოლაში დაეცა. არ უნდა დაიკარგოს გმირების ღვაწლი. დღეს არის ჯვართამაღლება და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ლაშამ მოგვილოცა ეს დღე და გაგვახარა არა მარტო ჩვენ, არამედ ტელეეკრანებთან მსხდომი 100 ათასობით ადამიანი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს. დიდება გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთის ომში და იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ ამ უთანასწორო ბრძოლას. ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს! ერთიან საქართველოს გაუმარჯოს! დიდება საქართველოს!”

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): “სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ შეძლო და დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს ელიტარული გუნდების სიაში. ვულოცავ გულშემატკივრებს, ჩვენი გამარჯვება კი ეძღვნება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს. სულ მალე, ერთად გვეზეიმოს ეროვნული სიმბოლიკით სოხუმში”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები