Thumbnail

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი წყალტუბოში გაიმართება, სადაც ქუთაისის ტორპედო ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ: ქუთაისელები ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან, ბათუმელების მიზანი კი ჩემპიონობის მოპოვებაა. ქულები ორივე გუნდს ძალიან სჭირდება.

სატურნირო ცხრილის თემას უფრო ვრცლად შევეხოთ, რადგან ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბათუმის დინამო 28 მატჩში მოპოვებული 58 ქულით ლიდერია. მეორე ადგილზე თბილისის დინამოა ერთით ნაკლები თამაშით და 57 ქულით. გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისური დერბი შედგება და 2 ოქტომბერს დინამო საბურთალოს უმასპინძლებს. ერთი სიტყვით, ეროვნულ ლიგაში დიდი საჩემპიონო რბოლაა.

ბათუმის დინამოს ორი ფეხბურთელი დააკლდება. ნიკოლოზ საბანაძე და გიორგი ილურიძე ტრავმირებულები არიან. საბანაძეს შედარებით მძიმე ტრავმა აქვს, ილურიძე კი წესით მომდევნო შეხვედრებში უნდა დაუბრუნდეს მოედანს. ტორპედო ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება მეტოქეს. ქუთაისელებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - ოთარ კობახიძე ჰყავთ ტრავმირებული. მსუბუქი ტრავმა ჰქონდა თორნიკე კაპანაძეს, თუმცა ბოლო ინფორაციით, გამოჯანმრთელებას მოასწრებს და ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გია გეგუჩაძე სავარაუდოდ ნაცად ტაქტიკას აირჩევს და გუნდს 4-2-3-1 სქემით ათამაშებს. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ლადო დვალიშვილი იქნება, რომელსაც ბრაზილილები: გაბრიელ რამოსი და ფლამარიონ ჯოვინო სიღრმიდან დაეხმარებიან. წინა ტურში, ბათუმელებმა საბურთალო 1:0 დაამარცხეს, გამარჯვების გოლი კი სწორედ ბრაზილიელმა ლეგიონერებმა შექმნეს.

📺 ბრაზილიური გოლი საბურთალოს კარში

ჯოვინოს საოცარი გოლი საბურთალოს კარში 🔥

რამოსი - ჯოვინოს ულამაზესი კომბინაცია და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი! 🇧🇷 🌟

Posted by FC Dinamo Batumi on პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019

კახა ჩხეტიანი 4-4-2 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ბათუმის დინამოს წინააღმდეგ, შესაძლოა, დაცვა გააძლიეროს და 5-4-1 სქემა აირჩიოს. ანუ, მასპინძლები კონტრშეტევებზე ააგებენ თამაშს, პრიორიტეტი კი საკუთარი კარის უსაფრთხოება იქნება. აქვე ვთქვათ, რომ ტორპედოს კარს როინ კვასხვაძე უბრუნდება, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და რამდენიმე შეხვედრაში ის 16 წლის დავით ასათიანმა შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ბათუმის დინამომ ვერცერთხელ დაამარცხა მეტოქე. ორი მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთ შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა. ამჯერად, გეგუჩაძის გუნდისთვის მხოლოდ სამი ქულა იქნება მისაღები. მით უმეტეს, დინამოს ეროვნულ ლიგაში ბრწყინვალე სერია აქვს: ზედიზედ 6 მოგება, 14 გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული გოლი. აქვე აღვნიშნოთ, რომ ბათუმელთა ორი ფეხბურთელი: ლევან გეგეჭკორი და მამუკა კობახიძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

წაიკითხე: 'ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ისტორია' - ინტერვიუ ლევან გეგეჭკორთან

რთული მატჩის მოლოდინში

მიხეილ ალავიძე (ბათუმის დინამო)
“ტორპედო სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და წინ რთული მატჩი გველოდება. მიმდინარე სეზონში, ყველაზე ცუდი სტატისტიკა სწორედ ქუთაისელებთან გვაქვს: ორი მარცხი და ერთი ფრე. ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჯერ მხოლოდ ტორპედოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები და შემდეგ ვიფიქრებთ უკვე უშუალო კონკურენტთან, თბილისის დინამოსთან დაპირისპირებაზე”.

მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)
“ტორპედო მეორე ნომრად იშვიათად თამაშობს, პრესინგს კი ხშირად მიმართავს და ვფიქრობ, რომ რთული მატჩი გველოდება. მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები, რადგან ყველა ქულა უმნიშვნელოვანესია. ბათუმში ქუთაისიდან გადმოვედი და ტორპედო ჩემთვის მშობლიური გუნდია. იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ, თუმცა ამჯერად მოწინააღმდეგეები ვიქნებით და მაქსიმალურად ვეცდები, რომ მორიგი სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში”.

როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი)
“ბათუმის დინამო ძალიან ძლიერი გუნდია, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუმცა, იოლი გასეირნება არ ელოდებათ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველოს თასის ნახევარფინალში გავედით და ამან თავდაჯერება შეგვმატა. ტორპედოში ბევრი ახალი ფეხბურთელია, ნაწილს დებიუტი ჰქონდა უმაღლეს ლიგაში და ბუნებრივია, პრობლემები ბევრია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი თამაში მაინც დამაკმაყოფილებელია. ვეცდებით, დინამოსთან საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ”.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბათუმის დინამოს ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული.

⚽ ბათუმის დინამომ ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

⚽ ტორპედოს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 1 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ წელს გუნდები სამჯერ შეხვდენ ერთმანეთს: ორჯერ ტორპედომ მოიგო, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 7:4 ტორპედოს სასარგებლოდ.

⚽ ტორპედო სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის იბრძვის.

⚽ ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სავარაუდო შემადგენლობები

ტორპედო (5-4-1): კვასხვაძე - მაჩაიძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია, ჩუკვურა - ცეცხლაძე, ციცქიშვილი, მოსიაშვილი, დოლიძე - კაპანაძე.

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, მამუჩაშვილი - რამოსი, ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები