Thumbnail

ვინ წყვეტს ნეიმარის ბედს - ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის სკანდალური გარემოცვა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ადამიანები, რომლებიც ნეიმარის ცხოვრებასა და კარიერაზე გავლენას ახდენენ
  • მამა, რომელიც ფულის გამო, ყველაფერს გააკეთებს
  • მეგობრების გარემოცვა, რომელსაც გართობაში ფულს უხდიან
  • კაცი, რომელსაც შეეძლო, ნეიმარის ცხოვრება შეეცვალა

ბოლო ორი წელია, ნეიმარის კარიერა არცთუ ისე კარგად ვითარდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამაში დიდწილად დამნაშავე მისი გარემოცვაა, რომელიც ძირითადად არაპროფესიონალებისგან შედგება და ბრაზილიელ ვარსკვლავს ვერც კარგი რჩევებით ეხმარება, ვერც სკანდალებისგან იცავს და მეტიც: მასზე ნეგატიური ზეგავლენა აქვს. იმ ეპოქაში, როდესაც პროფესიონალიზმი სასურველი კი არა, აუცილებელი პირობაა, ნეიმარი პოპ-ვარსკვლავის სტილში ცხოვრობს. ვინ არის ის ხალხი, ვისაც ნეიმარის კარიერაზე გადამწყვეტი გავლენა აქვს?

მამა - ნეიმარ და სილვა სანტოსი

ნეიმარის მამა, იგივე ნეიმარ უფროსი, თავისი შვილის ცხოვრებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია. რეალურად, ის ერთადერთია, ვისაც ნეიმარი უსმენს. მამამისის საყვარელი საქმიანობა შვილის ტრანსფერებიდან ფულის კეთებაა - ოფიციალურად, იგი ნეიმარის აგენტის როლს ითავსებს და როგორც აგენტს, ნეიმარის ყიდვა-გაყიდვებიდან 100 მილიონზე მეტი აქვს მიღებული.

ნეიმარ უფროსი თავადაც ფეხბურთელი იყო, ოღონდ ვერშემდგარი ფეხბურთელი უფრო ეთქმის. მისი კარიერის „მწვერვალი“ ბრაზილიის მეოთხე დივიზიონი გახლდათ. 32 წლის ასაკში მას მძიმე ავარია შეემთხვა, რის შემდეგადაც კინაღამ დაიღუპა. ფეხბურთელობას თავი დაანება და საიუველირო ბიზნესს მიჰყო ხელი - ამ დროს მისი ოჯახი, უკიდურეს სიღარიბეში, ბრაზილიურ გეტოში, ნაგავსაყრელის მახლობლად ცხოვრობდა.

უმცროსი ნეიმარის ფეხბურთში პირველივე ნაბიჯების შემდეგ ნათელი იყო, რომ მას დიდი მომავალი ჰქონდა. ნეიმარ უფროსმაც არცთუ ისე წარმატებულ იუველირობას თავი ანება და ძირითად საქმიანობად თავის შვილზე ზრუნვა აქცია.

ნეიმარი: „ჩემი კუმირი მამაჩემია. მე მინდა, რომ ყველაფერში მას დავემსგავსო.“

თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე ნეიმარის მამასთან ვაჭრობაა. ჩვეულებრივ, იგი მზად არის, რომ თავის შვილს კონტრაქტი იმ გუნდთან გააფორმებინოს, რომელიც მას, როგორც აგენტს, ყველაზე მეტს გადაუხდის. სწორედ ასე იყო, როდესაც ბრაზილიური სანტოსიდან ნეიმარის წაყვანა ევროპულ კლუბებს სურდათ. თვით მადრიდის რეალსაც კი ეძვირა ნეიმარ უფროსისთვის გადასახდელი თანხა. ოფიციალურად, ნეიმარის ტრანსფერი სანტოსიდან ბარსელონაში 57 მილიონი დაჯდა, თუმცა, როგორც შემდგომში გამოძიებამ აჩვენა, რეალური თანხა 94 მილიონი იყო - ტრანსფერის თანხა შეამცირეს, რათა გადასახადები აერიდებინათ თავიდან. ამ საქმის გამო ნეიმარის მამას დიდხანს მოუწია ბრაზილიურ სასამართლოში სიარული.

ლუის რიბეირო (სანტოსის პრეზიდენტი): „იმ 90 მილიონში, რომელიც ბარსამ ნეიმარში გადაიხადა, შედიოდა მამამისის თავაშვებული გართობა (ორიგინალში სიტყვა ორგია გამოიყენება) სასტუმრო "პიკადილში". ნეიმარის მამა თაღლითია და მხოლოდ ფულზე ფიქრობს - მე, მაგალითად, მისი ყავის ფული უკვე 200-ჯერ გადავიხადე. ის ყველაფერში ფულს აკეთებს.“

რთულია, სანტოსის პრეზიდენტის სიტყვები არ დაიჯერო, როდესაც ნეიმარის მამამ ჯერ ბარსელონას ხელმძღვანელობას 26 მილიონი ბონუსი გამოართვა მისი შვილის კონტრაქტის გახანგრძლივებისათვის, სულ რამდენიმე კვირაში კი ნეიმარი პარი-სენ-ჟერმენში წავიდა და ნეიმარის მამამ ახლა უკვე 36 მილიონი პარიზელებს გამოართვა მისი შვილის კონტრაქტის ბონუსად. ანუ, ერთ ზაფხულში მან ორი სხვადასხვა გუნდისგან აიღო ბონუსი (ბარსელონა მას ამ თანხას დღემდე ედავება სასამართლოში).

დედა - ნადინ და სილვა სანტოსი

ნეიმარის მშობლები 2008 წლიდან გაცილებულები არიან და ნეიმარის დედას შვილის ცხოვრებაში უფრო მცირე როლი აქვს. ის ბრაზილიაში ცხოვრობს და ნეიმარის გარემოცვაში იშვიათად ჩნდება. მასზეა გაფორმებული ნეიმარის აქტივების ნაწილი, რის გამოც სასამართლოში სიარული მასაც უწევდა. ჩვეულებრივ, მისი აქტივობა რელიგიური პათოსის ემოციური პოსტებით შემოიფარგლება ხოლმე. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ნეიმარს ამ წლის ივნისში გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, უსაფუძვლოდ), დედამისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: „ახლა, როდესაც რთული დროა, უნდა მიენდო მას, ვინც ყველაზე უკეთ გიცნობს - ღმერთს. აპატიე იმ ქალს შვილო, მე და შენი და, როგორც ქალები, ვფიქრობთ, რომ მან შეცდომა დაუშვა.“

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია - ჩვეულებრივ, ნეიმარის დედა დაახლოებით ამ პათოსის და ამ ტიპის პოსტებით გვახსენებს თავს.

ნეიმარის მეგობრები - ხალხი, რომელიც მას ართობს

ჩვეულებრივ, თანამედროვე ვარსკვლავები ბევრ შემთხვევით ხალხთან ურთიერთობას თავს არიდებენ. პრესის და გულშემატკივრის უპრეცენდენტო ყურადღების ფონზე მიღებულია ქცევის სტანდარტი, რომ ოჯახის წევრების და უახლოესი მეგობრების მიღმა, თანამედროვე ვარსკვლავების ხილვა, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. ეს ეხმარება მათ პროფესიულ კარიერაზე კონცენტრაციაში. ასე იქცევიან, მაგალითად, ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო.

ნეიმარის შემთხვევა განსხვავებულია - იგი მუდამ გაურკვეველი მეგობრების და ნათესავების გარემოცვაშია. იმ ხალხის წრე, რომლებთან ერთადაც ნეიმარი ერთობა და ცხოვრობს, მუდამ იზრდება. მაგალითად, 2013 წელს ბარსელონაში ნეიმარის პრეზენტაციის დროს კატალონელთა პრეზიდენტს, სანდრო როსელს, მოუწია დაეფინანსებინა ნეიმარის 15 მეგობარი, რომლებსაც ამ ღონისძიებაზე ჩამოსვლა სურდათ. ბარსელონას ამ ხალხის სტუმრობა 300 000 ევრო დაუჯდა.

2017 წელს, პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ, უკვე პარიზში გასამართი პრეზენტაციის დროს აღმოჩნდა, რომ მისი მეგობრების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და იგი ამ პრეზენტაციაზე უკვე 40 (!) მეგობართან (მათ შორის შედიოდა პერსონალური სტილისტიც) ერთად გამოცხადდა.

მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ნეიმარმა სპეციალურად იყიდა 10-ადგილიანი პატარა თვითმფრინავი. ნეიმარის გარემოცვა მას თამაშებზეც დაჰყვება. მაგალითად, 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ისინი ბრაზილიაში იმავე სასტუმროში ცხოვრობდნენ, რომელშიც თავად ბრაზილიის ნაკრები.

ნეიმარის გარემოცვა, ჩვეულებრივ, 30-40 კაცისგან შედგება. მათ შორის რამდენიმე ძალიან დაახლოებულ პირს (ჟოაო, ჟო, გუსტავო, ჯილი, კარლოს ენრიკე), რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, პარიზში ნეიმარი ყოველთვიურ ხელფასს 10 ათას ევროს უხდის.

კარლოს ენრიკე (ნეიმარის მეგობარი): „ნეიმარი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. ჩვენ ვეხმარებით, რომ სტრესი მოეხსნას. ჩვენ ფეხბურთზე არ ვლაპარაკობთ - ერთად ვერთობით, ვმოგზაურობთ, ვლაპარაკობთ."

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გარემოცვა ნეიმარს ცუდ სამსახურს უწევს და შეუძლებელია, პროფესიონალი სპორტსმენი (თუნდაც ისეთი ფენომენალური ნიჭის პატრონი, როგორიც ნეიმარია) ასე ცხოვრობდეს.

არეული პირადი ცხოვრება

საეჭვო გარემოცვასთან ერთად, ნეიმარის იმიჯს ფეხბურთში არცთუ ისე კარგ სამსახურს უწევს მისი პირადი ცხოვრების ამბები, რომლებიც მუდამ პრესაში ხვდება. ბარსელონაში თამაშის პირველსავე წელს ნეიმარი გააფრთხილეს, რომ მას თავისი პირადი ამბები ისე უნდა მოეგვარებინა, რომ პრესაში ეს ამბები არ გაჟონილიყო.

ჩავი: „ჩვენ ნეიმარს უკვე ვუთხარით: ის ფაქტი, რომ პრესა ყოველ კვირას მის გოგონებზე წერს, მას საფეხბურთო კარიერაში არ დაეხმარება.“

ნეიმარი ხშირად იცვლის მეგობრებს და მის პირად ცხოვრებაში მუდამ ახალი ხალხია - საერთო მის მეგობარ გოგონებს მხოლოდ ერთი აქვთ - ყველა ბრაზილიელია და ყველას მსგავსი პროფესია აქვს (მოდელი, მსახიობი ან TV-ვარსკვლავი). თავის პირად ამბებს იგი ძალიან ინფანტილურად უყურებს.

ნეიმარი: „მე მინდა, რომ ჩემს საყვარელ ადამიანზე ეკლესიაში ვიქორწინო და შემდეგ დიდი წვეულება გავმართო მეგობრებთან ერთად.“

ნეიმარის მეგობარ გოგონებს მის კარიერაზე გავლენა არ აქვთ - ისინი უფრო დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ. ნეიმარი იშვიათად ნახულობს მათ და ნაკლებად უსმენს მათ აზრს. თავისი პირველი და ყველაზე ხანგრძლივი მეგობრის, კაროლინა დანტასისგან მას 1 შვილი ჰყავს, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს.

ედუარდო მუსა - კაცი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო შეეცვალა

ედუარდო მუსა ის კაცია, რომელსაც ნეიმარის კარიერა შეეძლო, შეეცვალა. იგი ნეიმარის კარიერის დასაწყისში მისი აგენტი და მენეჯერი იყო. მუსა გავლენიანი კაცია, რომელმაც იცის, თუ როგორ შეიძლება სუპერვარსკვლავებთან მუშაობა. მას კარგად ესმის პიარი და მარკეტინგის მნიშვნელობა. როდესაც ნეიმარი ბრაზილიაში თამაშობდა, მუსას არაერთხელ მიუკითხებია მისთვის კლუბში, გვიან ღამით, წაუყვანია მთვრალი და მეორე დღეს უზრუნია, რომ პრესაში ამის შესახებ ამბები არ გავრცელებულიყო.

შემდეგ მოხდა ის, რომ მისი და ნეიმარის მამის მოსაზრებები ერთმანეთს ასცდა. მუსა მიიჩნევდა, რომ გარემოცვა ნეიმარს ცუდ სამსახურს უწევდა, მას ცხოვრების წესი უნდა შეეცვალა და მეგობრებთან გატარებული დრო შეემცირებინა. ნეიმარის მამა პირიქით ფიქრობდა (რა იყო მისი მოტივაცია უცნობია). 2015 წელს, ნეიმარის მამასთან კონფლიქტის გამო, მუსა იძულებული გახდა, რომ წასულიყო. იგი სასამართლოში დღემდე დავობს მისთვის არგადახდილი ფულის გამო.

მუსა: „ნეიმარის მამა ცდილობს, პროფესიონალად გამოჩნდეს, თუმცა პროფესიონალი არ არის. ნეიმარი გულუხვი და კეთილი ბიჭია, თუმცა ძალიან ცუდი იმიჯი შეექმნა. ამის გამო სწორედ მამამისია პასუხისმგებელი. შეუძლებელია, ფეხბურთელის კარიერა სწორად მართო, როდესაც შენი ერთადერთი გამოცდილება, მეოთხე დივიზიონში თამაშია. მის ადგილზე საუკეთესო სპეციალისტებს მოვიწვევდი, თუმცა ის ამდენს ვერ ხვდება.“

იგი არც თვითონ ნეიმარის და მისი მეგობრების კრიტიკას ერიდება.

მუსა: „ნეიმარი და მისი გარემოცვა მხოლოდ ფულზე, რესტორნებსა და წვეულებებზე ლაპარაკობენ. მათ სპორტი აღარ აინტერესებთ.“

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები