Thumbnail

ჩაკვეტაძეს ვოლფსბურგთან მატჩში ელიან - ბელგიური მედია გიორგის დაბრუნებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 20 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
  • საქართველოს ნაკრებისა და გენტის გარემარბი მოედანზე ერთ თვეში უნდა დაბრუნდეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გენტის გარემარბი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს მალე დაუბრუნდება. ბელგიური მედიის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გაზაფხულზე მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, იმაზე სწრაფად დგება მწყობრში, ვიდრე ვარაუდობდნენ და შესაძლოა, მოედანზე უკვე ერთ თვეში ვიხილოთ. 

გიორგის 21 აპრილის შემდეგ აღარ უთამაშა. ფეხბურთელმა მუხლზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა, ბოლოს და ბოლოს ოპერაცია გაიკეთა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ რეაბილიტაციას, სულ ცოტა, ექვსი თვე დასჭირდებოდა.

ჩაკვეტაძე გასულ სეზონში მუხლის ტრავმამ ძალიან დააზარალა

"გიორგი ჩაკვეტაძე მშვიდად აგრძელებს მუშაობას დასაბრუნებლად, მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, რომლის გამოც რამდენიმე თვე გაუცდა. მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იეს ტორუპის მთავარ გუნდს იმაზე ადრე შეუერთდება, ვიდრე მოელოდნენ. მაგალითად, მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულემ, გიორგი ქვილითაიამ Instagram-ზე მიგვანიშნა, რომ ჩაკვე დღეებს ითვლის დასაბრუნებლად და თუკი კალენდარს ჩავხედავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის შეძლებს გენტისთვის დახმარებას ვოლფსბურგთან მატჩში", - წერს nieuwsblad.

გენტი ევროპალიგის I ჯგუფში გამოდის, სადაც ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო - შინ სენტ ეტიენთან და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა. გენტი გერმანულ ვოლფსბურგს 24 ოქტომბერს უმასპინძლებს და თუ ვარაუდი გამართლდა, გიორგი ჩაკვეტაძე ამ შეხვედრაში ითამაშებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გამოდის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისის გუნდს შეიძლება ნოემბერში, სტუმრად შვეიცარიასთან, ევრო 2020-ის შესარჩევის შეხვედრაში დაეხმაროს.

გიორგისთან ერთად საქართველოს ნაკრები სულ სხვა გუნდია

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდმა ჟუპილერ ლიგაში ჩატარებული 7 მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 1 დათმო და სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან ბელგიური ჟუპილერ ლიგის გასულ სეზონში 23 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. საქართველოს ნაკრებში გიორგის ანგარიშზე 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასია.  

კომენტარები

ბოლო ამბები