Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ბაჩიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სტარტი აიღო კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატმა ძიუდოში, სადაც საქართველო 12 სპორტსმენითაა წარდგენილი. დღეს, ტატამზე 2 ჩვენებური ვიხილეთ, რომელთაგან ერთს ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

საუბარია ნიკა ბაჩიაშვილზე, რომელიც უმსუბუქეს 50 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი წრე გამოტოვა, მეორეში ფრანგი ლუი პესტელარი დააიპონა, მეოთხედფინალში კი უკრაინელ მიკიტა ჰოლობოროდკოსთან ვაზარით დამარცხდა.

ამგვარად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მონღოლ მენდსაიხან ნიამსურენს იპონით აჯობა, კვარცხლბეკზე ასასვლელად კი რუმინელ ალექსანდრუ მატეის გაეჯიბრება.

საინტერესოა, რომ ბაჩიაშვილს ამ უკანასკნელთან 2-ჯერ აქვს მოგებული: ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და ოლიმპიური ფესტივალის ფინალში.

აღნიშნულ წონაშივე ძალები კაკო ჩაფურიშვილმაც სცადა და მონღოლი ბატ-ორგილ ბატულგას დააიპონა, მერვედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ფრანგ რომეინ ვალადიე-პიკარს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, დამატებით დროში ვაზარით წააგო.

დღეს, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები