Thumbnail
  • უეფამ ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფორმატი დაამტკიცა
  • D ლიგის ხარჯზე დანარჩენ ლიგებში გუნდების რაოდენობა გაიზარდა
  • რა შუაშია ერთა ლიგასთნ 2022 წლის მუნდიალი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018/19 წლების ერთა ლიგაში (D ლიგა, 1 ჯგუფი) წარმატებით იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და C ლიგის საგზური მოიპოვა. თუმცა, თურმე, მეორეზეც რომ გასულიყო (როგორც ყაზახეთი) მაინც გადავიდოდა ერთი საფეხურით მაღლა, რადგან უეფამ დღეს ლუბლიანაში კარდინალურად შეცვალა ახალდაარსებული ტურნირის ფორმატი - მეორე სეზონში სულ სხვა განლაგება იქნება! 

ახალი, 2020/21 წლების სეზონის წილისყრა ოთხივე ლიგისთვის ამსტერდამში 2020 წლის 3 მარტს გაიმართება. 

რა არის ახალი?  A, B და C ლიგებში ამიერიდან 16-16 გუნდი იქნება, ხოლო D-ში - მხოლოდ 7. 

ასე რომ, ჩვენი ჯგუფიდან D-ში მხოლოდ ლატვია და ანდორა დარჩნენ, ხოლო ყაზახეთი უეფას რეფორმის წყალობით C-შია. შესაბამისად, არავინ გავარდნილა A, B და C ლიგებიდან!

საქართველოს ნაკრები C ლიგაში ითამაშებს, სადაც 16 ნაკრები 4 ჯგუფად გაიყოფა. ჯგუფის გამარჯვებულები B ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ოთხიდან ორი უარესი ბოლოადგილოსანი (პლეი აუთი) კი D-ში დაქვეითდება!

ერთა ლიგის მესამე სეზონი 2022/23 წლებში გაიმართება. 

პორტუგალია პირველი სეზონის გამარჯვებულია

რატომ შეიცვალა ფორმატი?

უეფამ 55-ვე ასოციაციასთან გამართა კონსულტაციები. ამით კიდევ უფრო შემცირდება ამხანაგური მატჩების რიცხვი. სპორტული სამართლიანობაც უფრო მაღალი ხარისხით იქნება, რადგან ბოლო ტურში ყოველი ნაკრების თამაში ერთდროულად გაიმართება. 138-დან 162-მდე გაიზრდება მატჩების რიცხვი და შესაბამისად, შემოსავალიც.

უეფას ერთა ლიგა. 2020/21

A ლიგა

პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია

B ლიგა 

რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილო ირლანდია, ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი

C ლიგა

საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

D ლიგა

გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

ერთა ლიგის პირველი ტური 2020 წლის 3-5 სექტემბერს გაიმართება, ბოლო (მე-6) კი - 15-17 ნოემბერს. ერთა ლიგის ოთხთა ფინალი 2-6 ივნისს გაიმართება და მასში A ლიგის 4 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. 

საქართველომ D ლიგის ჯგუფი მოიგო

2022 წლის მუნდიალის საგზურები?

ერთა ლიგის პირველი სეზონი გადაჯაჭვულია ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ინტრიგასთან - 2020 წლის მარტში ბოლო 4 მონაწილე სწორედ ერთა ლიგის შედეგად დაკომპლექტებული პლეი ოფების მიხედვით გაირკვევა და ამ პლეი ოფში თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებსაც აქვს მოპოვებული.

რა იქნება მეორე სეზონში? ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა შესაძლოა, ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი დაუკავშირდეს 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირს.

ევროპიდან 13 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 10 იქნება მუნდიალის საკვალიფიკაციო 10 ჯგუფის გამარჯვებული. სამი დანარჩენი საგზური კი ასე შეიძლება გაირკვეს, 10 ჯგუფის მეორეადგილოსან ნაკრებებს დაემატება 2 საუკეთესო გუნდი ერთა ლიგიდან და პლეი ოფის სისტემით ამ 12 გუნდიდან 3 საუკეთესო მუნდიალის საგზურს მოიპოვებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები