Thumbnail
  • 8-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მარკო როისი მოედანს დაუბრუნდა.
  • პეტერ შტიოგერის გუნდმა გაჭირვებით, მაგრამ ზედიზედ მეორე გამარჯვება მაინც იზეიმა.
  • მიში ბაჩუაი კვლავ შეუჩერებელია.

დორტმუნდი 2:0 ჰამბურგი

დიახ, მარკო რიოისი დაბრუნდა. დაბრუნდა კაპიტნის სამკლავურით და გამარჯვებით. 28 წლის ფეხბურთელისთვის ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩი პირველი იყო 259-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, რომელიც ჯვარედინი მყესების გაწყვეტას მოჰყვა.

გარდა როისისა, პეტერ შტიოგერმა "სიგნალ იდუნა პარკზე" სასტარტო შემადგენლობაში შურლე, ბაჩუაი, კაგავა და პულიშიჩი გაამწესა. ანუ, ბურთის ართმევაზე ლამის მხოლოდ იულიან ვაიგლს უნდა ეზრუნა.

ძნელი სათქმელია, რა ედო გულში მწვრთნელს, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ მისმა გადაწყვეტილებამ ჰამბურგს პირველ ტაიმში ვერაფერი დააკლო. დარტყმების რაოდენობით, კილომეტრაჟითა თუ ვიზუალური შეფასებით, სტუმრები არაფრით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს, რაღაც მომენტში კი ჯობნიდნენ კიდეც.

მაგრამ შესვენების შემდეგ კლასმა თავისი გაიტანა. 49-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩი საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი კარისკენ გაგზავნა, შორეულ ძელთან მყოფ მიში ბაჩუაის კი მხოლოდ მისი დაუცველ კარში გადაგზავნა მართებდა. 

სამი გოლი და საგოლე პასი ორ შეხვედრაში - მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი შედეგი დორტმუნდელთა ახალწვეული ბელგიელისთვის.

მიში ბაჩუაის საზეიმო მალაყი

ბორუსიას ამის შემდეგაც მიეცა გატანის შანსი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰამბურგი კიდევ ერთხელ დაეცა. ანდრე შურლემ, როისის ნაცვლად მოედანზე 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულ მარიო გიოტცეს იუველირულად უპასა, ამ უკანასკნელმა კი წერტილი დასვა.

ბორუსიამ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, მის აქტივში კი 37 ქულაა. შტიოგერის გუნდი ცხრილში მესამეა და ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ლაიპციგს. 

რაც შეეხება მარკო როისს, აშკარაა, რომ მას გარკეული დრო დასჭირდება რიტმში შესასვლელად.

კომენტარები

ბოლო ამბები