Thumbnail
  • ტულის არსენალის მცველმა ევროშესარჩევში საქართველოს გამოსვლაზე ისაუბრა
  • 30 წლის ფეხბურთელის თქმით, ნაკრებმა ოქტომბრის ორივე მატჩი უნდა მოიგოს
  • ვლადიმირ ვაისის გუნდს თამაში ირლანდიასა და გიბრალტართან მოუწევს

გია გრიგალავამ საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანასკნელ მატჩებში შეუცვლელად ითამაშა - ევრო 2020-ის შესარჩევში, ორჯერ დანიასთან (სტუმრად და შინ) და თბილისში, გიბრალტართან. ეს გასაკვირი არაა - 30 წლის მცველს ტულის არსენალში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვს, მუდმივად შემადგენლობაშია, ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩში კი გოლის გატანაც მოასწრო.

გია გრიგალავამ რუსეთის ჩემპიონატში გოლი მოსკოვის დინამოს გაუტანა

გიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებსა და მის ევრო 2020-ის შესარჩევში გამოსვლაზეც ილაპარაკა. D ჯგუფში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდს თითო მოგება და ფრე, ასევე სამი მარცხი აქვს და 4 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

"ვერ ვიტყვი, რომ შვეიცარიასთან, ირლანდიასა და დანიასთან წაგებებმა მიწაზე დაგვანარცხა. უბრალოდ, სხვა შედეგებს ველოდით. თუკი გავიხსენებთ, გასულ შემოდგომაზე საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად გამოვიდა ერთა ლიგაში. D ლიგაში 5 მატჩი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ, შედეგად კი ევროზე გასვლაზეც ვფიქრობთ. 

შესარჩევში დავმარცხდით, მაგრამ დასანანი ისაა, რომ მეტოქეებს ნამდვილი ბრძოლა ვერ გავუჩაღეთ, თუმცა დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. ვერ ვიტყვი, რომ ჯგუფში ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს. კარგი სტატუსის მიუხედავად, მათთან თამაში შეგვიძლია. ეს თბილისში, დანიასთან მატჩმაც (0:0) დაამტკიცა. ჯერჯერობით 4 ქულა გვაქვს და შევეცდებით, მდგომარეობა გამოვასწოროთ. გვყავს ძალიან ამბიციური გუნდი, რომელსაც ბევრი შეუძლია.

დღეს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი საზღვარგარეთ გამოდის, აქვს თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკა და არ ზის სკამზე. უწინ ამასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. ძალიან ძნელია ეროვნულ გუნდში მაღალ დონეზე იასპარეზო, როდესაც სათამაშო დრო არ გეძლევა.

დანიასთან სტუმრად ანგარიშით 1:5 წაგების მიუხედავად, გრიგალავა იმედს არ კარგავს

ახლა გვაქვს თავის წარმოჩენის, ჯგუფის ლიდერებისთვის კონკურენციის გაწევის, ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად ბრძოლისა და ფანების გახარების შანსი. ეს რთული იქნება. უნდა მოვიგოთ უახლოესი, ოქტომბრის შეხვედრები - შინ ირლანდიასა და სტუმრად გიბრალტართან. თუკი 6 ქულას ავიღებთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩავებმებით", - ამბობს გია.

ტულის არსენალს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გუნდი ჩემპიონატში 29 სექტემბერს, სტუმრად კრასნოდართან ჩაატარებს, იქამდე კი, 25 სექტემბერს, რუსეთის თასზე ვორონეჟს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში მომდევნო მატჩებს შინ ირლანდიასა (12 ოქტომბერს) და სტუმრად გიბრალტართან (15 ოქტომბერს) ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები