Thumbnail

ზედიზედ მეორედ სიმბოლურში - ჯაბა კანკავა ჩემპიონობასთან ახლოსაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტობოლის ქართველმა ლეგიონერმა ყაზახეთის ლიგაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა
  • 33 წლის ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ დაასახელეს

საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის ტობოლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. 33 წლის ფეხბურთელი ინტერნეტ-პორტალმა Sports.kz-მა 27-ე ტურშიც გამოარჩია და 11 საუკეთესოს შორის დაასახელა.

"ჯაბამ კარგად იმუშავა მოედნის ცენტრშიც და დაცვაშიც, თავდამსხას კი შესაძლებლობის ფარგლებში ემხარებოდა", - წერს საიტი ქართველ ფეხბურთელზე. 

ჩემპიონატის ბოლო ტურში ტობოლმა სტუმრად ყარაღანდის შახტარს მინიმალური ანგარიშით მოუგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. კანკავამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ტრავმირებული ნიკა კვეკვესკირი კი ტობოლის განაცხადში არ ყოფილა. 

აღსანიშნავია, რომ ტობოლმა გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანა, მანამდე კი მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, რაშიც წვლილი სწორედ ჯაბას მიუძღვის. ქართველ ფეხბურთელს 61-ე წუთზე მარატ შახმეტოვი მას შემდეგ ეუხეშა, რაც კანკავამ ორთაბრძოლა მოუგო. ეპიზოდს მცირე გაწევ-გამოწევაც მოჰყვა - არბიტრმა ჯაბა გააფრხილა, ამხეტოვი კი გააძევა.

ჯაბა კანკავა ყაზახური გუნდის ღირსებას მეორე სეზონია იცავს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ჩემპიონატის 23 მატჩში ითამაშა. ჯაბა 26-ე ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

კოსტანაის ტობოლს 27 ტურის შემდეგ 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ქართველების გუნდი უახლოეს მდევარ ალმათის ქაირათს 2 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს ტობოლი შინ ჟეტისუსთან, 28 სექტემბერს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები