Thumbnail

პოლ პოგბა ფანებისგან თავს ასე იცავს - როტვეილერი 18 ათას ევროდ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს
  • სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი იქამდე არავის ერჩის, სანამ ბრძანებას არ მიიღებს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელიც თავის უსაფრთხოებაზე სერიოზულად ნერვიულობს, 18 ათას ევროდ ძაღლი შეიძინა. 26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა როტვეილერი კომპანია Chaperone K9-ისგან იყიდა, რომელიც ცხოველების გაწვრთნაზეა სპეციალიზირებული.

პოგბამ ასეთი გადაწყვეტილება მის მიმართ კლუბის ზოგიერთი ფანის აგრესიული განწყობის გამო მიიღო. მსოფლიოს ჩემპიონს მანჩესტერელ გულშემატკივრებთან ურთიერთობა განსაკუთრებით გასული ზაფხულის შემდეგ გაუფუჭდა - პოგბას კლუბის დატოვება სურდა, მაგრამ მისი ტრანსფერი რეალში არ შედგა. ცეცხლზე ნავთი სეზონის წარუმატებელმა სტარტმაც დაასხა. ცოტა ხნის წინ კლუბის ბაზის შესასვლელთან ფრანგს წარწერაც დახვდა - "Pogba Out".

მეტი ამ თემაზე: POGBA OUT - წარწერა მანჩესტერ იუნაიტედის საწვრთნელ მოედანთან

სხვათა შორის, ამავე ფირმისგან ძაღლები უწინ პოგბას თანაგუნდელებმა, მცველმა ფილ ჯონსმა და თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმაც შეიძინეს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ცხოველები აგრესიულობით არ გამოირჩევიან იქამდე, სანამ შესაბამის ბრძანებას არ მიიღებენ. 

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილია. 2016 წელს ფრანგი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბში ტურინის იუვენტუსიდან დაბრუნდა, სატრანსფერო ფასმა კი 105 მილიონი ევრო შეადგინა.

კომენტარები

ბოლო ამბები