Thumbnail
  • მწვრთნელების როლი იზრდება
  • მესის სიზარმაცე ბარსას ფინალად დაუჯდა
  • ბაიერნი სტანდარტებზე საუკეთესოა

უეფას თავისი სამუშაო ჯგუფი ჰყავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას სწავლობს და სეზონის ბოლოს ტურნირის ზოგად ტენდენციებზე დასკვნებს აკეთებს. ეს სამუშაო ჯგუფი პროფესიონალი მწვრთნელების და ანალიტიკოსებისგან შედგება. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგას ისეთი სპეციალისტები სწავლობდნენ, როგორებიც დევიდ მოიესი, გარეთ საუთგეიტი, რობერტო მარტინესი და ტომას შააფი არიან. სულ ცოტა ხნის წინ, შარშანდელი ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიში თითქმის 100 გვერდს მოიცავს და მისი მიხედვით ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმე ზოგადი ტენდენცია იკვეთება.

მწვრთნელების როლის ზრდა

წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც, როგორც გარი ნევილი თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს, სერ ალექს ფერგიუსონს მატჩის წინ სულ 5 წუთი ჰყოფნიდა ტაქტიკაზე სასაუბროდ. თანამედროვე მწვრთნელებს არა მხოლოდ მატჩისთვის ძალიან დეტალური მომზადება სჭირდებათ, არამედ მათ თამაშის დროს ტაქტიკის გადაწყობის უნარი მოეთხოვებათ.

მაგალითად, ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ შალკესთან შეხვედრაში გვარდიოლამ 4 სხვადასხვა სქემა გამოიყენა. ხოლო ტოტენჰემი ფინალში მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ პოჩეტინომ აიაქსთან თამაში შესვენების შემდეგ რადიკალურად გადააწყო, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ამსტერდამელთა ცენტრალური მცველი დეილი ბლინდი თავით კარგად ვერ თამაშობს და სპეციალურად მის ზონაში სათამაშოდ ფერნანდო ლორენტე გამოიყვანა - თავით და ჰაერში თამაშის სპეციალისტი.

დიდ ქამბექებს ახსნა არ აქვთ

გასული წლის ჩემპიონთა ლიგა რამდენიმე ისეთი თამაშით დაგვამახსოვრდა, როდესაც ერთმა გუნდმა მეორეს რამდენიმებურთიანი ჰანდიკაპი ამოუქაჩა პირველი წაგებული თამაშის შემდეგ - ლივერპული ბარსელონასთან დაბრუნდა (4-0), იუვე - ატლეტიკოსთან (3-0), მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ-სთან (3-1).

სპეციალისტებს ერთიანი დეფინიცია არ აქვთ, თუ რატომ მოხდა ეს. ანგარიშის მიხედვით, თითოეული თამაში ცალკე ისტორიაა. მაგალითად, ლივერპული-ბარსელონას შეხვედრაში ინგლისელთა ტოტალური უპირატესობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის იყო დასახელებული, რომ მაშინ როდესაც კლოპის გუნდი მთელი გუნდით უტევდა, მესი და სუარესი დაცვას არ ეხმარებოდნენ და ნაკლებად აქტიურები იყვნენ პრესინგში.

სტატისტიკის მიხედვით, ბევრად უფრო რთულია ის, რაც ტოტენჰემმა აიაქსთან გააკეთა - იმავე თამაშში ანგარიშში უკან გასვლის შემდეგ დაბრუნება. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშების 92 პროცენტში, გუნდი, რომელსაც გააქვს პირველი გოლი, იმ თამაშს აღარ აგებს.

პრესინგის და ბურთის ფლობის მნიშვნელობის ზრდა

პრესინგი და ბურთის ფლობა თანამედროვე ფეხბურთის ორი მთავარი კომპონენტია. ანგარიშის მიხედვით, მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. 2012 წელთან შედარებით გოლის წინ ბურთის ფლობის დრო გაიზარდა - თუკი 2012 წელს გოლამდე საშუალოდ გუნდი 10.3 წამს ფლობდა ბურთს, შარშანდელ სეზონში ეს მაჩვენებელი 12.5 წამზე ავიდა - გუნდები მზად არიან ხანგრძლივი გათამაშებისთვის.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრესინგი - გოლების ნახევარზე მეტი, 50.6 პროცენტი ლიგაზე მას შემდეგ გავიდა, რაც გუნდმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი. აქტიური პრესინგი, რომელიც მეტოქეს ბურთის დაკარგვას აიძულებს, ყველაზე კარგად ქმნის მომენტებს ანუ კეთილი იყოს ფეხბურთის იურგენ კლოპის სამეფოში მობრძანება.

გასვლითი გოლის ფასი მცირდება

გასვლითი გოლის წესი იმიტომ შემოიღეს, რომ სტუმრად მოთამაშე გუნდებს შეტევის მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. იმ წელს, როდესაც ეს წესი შემოიღეს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მოთამაშე გუნდების ნახევარზე მეტი, 57 პროცენტი, გასვლით თამაშში გოლის გატანას ვერ ახერხებდა. ამ წესის შემოღების შემდეგ პირველივე სეზონში ეს მაჩვენებელი შემცირდა - სტუმრად მოთამაშე გუნდების 46 პროცენტს ვერ გაჰქონდა გოლი. გასულ სეზონში კი სტუმრად მოთამაშე გუნდების მხოლოდ 29 პროცენტის ვერ გაჰქონდა გოლი.

ეს იმას ნიშნავს, რომ სტუმრად გატანილი გოლის ფასი მცირდება - გუნდებს გასვლაზე უფრო იოლად გააქვთ, მისი მნიშვნელობა კი ისევ იგივე რჩება.

ბაიერნი და ატლეტიკო საუკეთესოები სტანდარტებზე

ბაიერნი მერვედფინალში გავარდა, თუმცა სტანდარტების დროს ყველაზე სახიფათო იყო - 6 გატანილი გოლი. ეს ორი ფაქტორით იხსენება - რობერტ ლევანდოვსკის გაბარიტები და გახსნის უნარი. სტანდარტებიდან პოლონელმა ოთხი გოლი შეაგდო და კარგად დაგეგმილი კუთხურების სისტემა (6 გოლი კუთხურებიდან).

სტანდარტების დროს დაცვით ასპექტში საუკეთესო ატლეტიკოა - არცერთი გაშვებული გოლი სტანდარტებიდან. საშუალოდ მეტოქეებს 4.4 კუთხური სჭირდებათ, რომ მადრიდელთა კარის მიმართულებით თუნდაც დაარტყან. სიმეონე სტანდარტების დროს დაცვაში თანამედროვე ტენდენციების წინააღმდეგ მიდის და უპირატესობას არა ზონურ, არამედ პერსონალურ დაცვას ანიჭებს. სამი მოთამაშე ზონებში დგას, დანარჩენები კი პერსონალურად, კაცი კაცზე თამაშობენ.

ტაიმის ბოლო - სპეციფიკური დრო

ჯგუფურ თამაშებში ტაიმის ბოლო თხუთმეტ წუთში ყველაზე ცოტა გოლი გადის, პლეი ოფში კი პირიქით - სწორედ ტაიმების მიწურულს გააქვთ გუნდებს ყველაზე მეტი გოლი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები