Thumbnail
  • უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ არგენტინელთან კონტრაქტი გაწყვიტა
  • უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი შოთა არველაძეა

უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ექტორ რაულ კუპერი გაათავისუფლა, ადგილობრივი მედია კი მის სავარაუდო შეცვლელად შოთა არველაძეს ასახელებს. 

63 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა, რომელიც თავის დროზე საქართველოს ნაკრებსაც წვრთნიდა, უზბეკეთის ეროვნული გუნდი 2018 წლის აგვისტოში ჩაიბარა, ასოციაციასთან კონტრაქტი კი სამი წლით გააფორმა - მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. კუპერის ამოცანა, 2019 წლის აზიის თასზე წარმატებით გამოსვლა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრა იყო, უზბეკური წყაროების ცნობით კი, სამწვრთნელო შტაბი წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ევროს იღებდა.  

არგენტინელმა სპეციალისტმა უზბეკების იმედები ვერ გაამართლა

იანვარში უზბეკეთის ნაკრები აზიის თასს 1/8-ფინალში გამოეთიშა - პენალტების სერიაში ავსტრალიასთან დამარცხდა, ამ შემოდგომით კი გუნდმა მუნდიალის შესარჩევის მეორე რაუნდი მარცხით დაიწყო - 5 სექტემბერს, სტუმრად პალესტინასთან ანგარიშით 0:2 წააგო.

სულ არგენტინელის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ნაკრებმა 17 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო.

"უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ და ნაკრების მწვრთნელმა ექტორ კუპერმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს", - განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა. 

არველაძე ფახთაქორის გულშემატკივრებში ძალიან პოპულარულია

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის კუპერს უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ადგილობრივ მედიაში გამოითქმის ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იყოს. 

46 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობს, ცოტა ხნის წინ კი გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა. შოთასთან ერთად ფახთაქორში, მისი ტყუპისცალი, აჩი არველაძე მუშაობს, ასევე - გოჩა ტყებუჩავა.

ჰექტორ რაულ კუპერი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-09 წლებში წვრთნიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები