Thumbnail
  • სინგაპურის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო
  • გერმანელისთვის ეს ამ სეზონში პირველი ტრიუმფია
  • ფერარიმ დუბლი შეასრულა, შარლ ლეკლერი გაბრაზებულია

დიახ, მას ჯერ კიდევ შეუძლია მოგება!

ფორმულა 1-ის სეზონის მე-15 რბოლა, სინგაპურის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო! 32 წლის გერმანელმა, როგორც იქნა, უშეცდომოდ იასპარეზა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. 

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ფეტელისთვის ეს პირველი ტრიუმფია 392 დღის (სპა 2018) შემდეგ!

სებას თანაგუნდელი შარლ ლეკლერი, რომელსაც პოული მოგებული ჰქონდა და პირველი ადგილიდან დასტარტა, საბოლოოდ მეორე პოზიციაზე გავიდა. ფეტელი კი სტარტზე მესამე გახლდათ. ლეკლერმა ლიდერობა პიტსტოპზე შესვლისას დაკარგა.

მესამე ადგილი მაქს ფერსტაპენმა (რედ ბული) დაიკავა, მერსედესს კი ‘მხოლოდ’ მეოთხე (ჰემილტონი) და მეხუთე (ბოტასი) ადგილები დარჩა.

სტარტმა მშვიდად ჩაიარა - მართალია, ფეტელმა ჰემილტონს მაგრად შეუტია, მაგრამ ჩემპიონმა მეორე პოზიციის შენარჩუნება შეძლო. ლეკლერმა კი თავის მხრივ პირველი ადგილი გაიმყარა. მეორე წრიდან ტოპ-ბოლიდები საბურავების დაზოგვის რეჟიმზე გადავიდნენ და გარკვეულ მომენტებში 13 წამით (!) ნელები იყვნენ, ვიდრე კვალიფიკაციაზე.

მე-19 წრეზე ფერსტაპენი და ფეტელი პიტსტოპზე შევიდნენ და სოფტ-საბურავები ჰარდებით შეცვალეს. ლეკლერმა იგივე მე-20 წრეზე გააკეთა, ჰემილტონი ტრასაზე დარჩა. ფეტელი კი ლეკლერკის წინ აღმოჩნდა, რასაც მონაკოელის გაბრაზება მოჰყვა.

ვალტერი ბოტასმა ბოქსებს 22-ე წრეზე მიაშურა, ჰემილტონმა კი 26-ე წრეზე. ამის შემდეგ ფეტელი გალიდერდა (31). 35-ე წრეზე, რასელისა და გროსჟანის შეჯახების შემდეგ ტრეკზე Safety Car გამოჩნდა, რამაც ფეტელის 5-წამიანი უპირატესობა შეამცირა. რესტარტი მე-40 წრეზე იყო და სებამ ლიდერობა დაიცვა. ამის შემდეგ პერსის გამო გამოჩნდა Safety Car (44-ე წრე). ლეკლერის განცხადება რაციაში: “ყველაფერი მინდა! სისულელეს არ ჩავიდენ, მაგრამ ეს უსამართლობაა!”

ფეტელს ნერვებმა არ უმტყუნა - მორიგი რესტარტის შემდეგ მან პირველი ადგილი შეინარჩუნა. ბოლო 10 წრეც და სებამ მშვიდად მიიყვანა რბოლა გამარჯვებამდე.

სეზონის დასრულებამდე 6 რბოლით ადრე, საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონი 296 ქულით ლიდერობს. მისი თანაგუნდელი ბოტასი 231 ქულით მეორე ადგილზეა. ლეკლერს და ფერსტაპენს 200-200 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, ფეტელი კი 194 ქულით მეხუთეა. კონსტრუქტორთა თასზე მერსედესი 527 ქულით ლიდერობს. ფერარი 394 ქულით მეორეა, რედ ბული კი - 289 ქულით მესამე.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები