Thumbnail

ჯოვინოს ბრაზილიური სუპერგოლი! ბათუმის დინამომ საბურთალოც დაამარცხა

  • 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა
  • ერთადერთი და გამარჯვების გოლი ფლამარიონ ჯოვინომ გაიტანა

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიმართა, სადაც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ, გულშემატკივრებმა კი სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნეს.

ბათუმურ მატჩს დიდი სატურნირო ინტრიგა ჰქონდა. შესვენებამდე რეალური საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა. უპირატესობას დინამო ფლობდა და უფრო ახლოსაც იყო გოლთან. შორი და საშუალო დისტანციიდან გაბრიელ რამოსმა, ფლამარიონ ჯოვინომ დ ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაარტყეს, რასაც ხიფათი მოჰყვა თბილისელთა კართან.

მომენტი საბურთალოს კართან

მეორე ტაიმში ბათუმელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა თამაშის განახლებიდან მალევე შეეძლოთ. ფლამაიონ ჯოვინომ შორიდან კარგად დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

ჯოვინოს მომენტი

63-ე წუთზე საბურთალო 10 კაცით დარჩა. ელვინ ტერამ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად წითელში გადაიზრდა და ბათუმის დინამომ რიცხოვრივი უპირატესობა მიიღო. შედეგად, გია გეგუჩაძის გუნდმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა. მალევე ჯაბა ჯიღაურს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ საბურთალო გადაარჩინა. 

ჯიღაურის მომენტი

თბილისელთა კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა. საბურთალო რამდენჯერმე ლაზარე კუპატაძემ იხსნა, თუმცა 74-ე წუთზე ისიც უძლური აღმოჩნდა. ბათუმურმა გუნდმა ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც ბრაზილიელმა ლეგიონერებმა შექმნეს. გაბრიელ რამოსმა ბურთი ტექნიკურად დაიმორჩილა და შესანიშნავი პასით ფლამარიონ ჯოვინო მოძებნა, რომელმაც ასევე ბრწყინვალე ტექნიკური არსენალი გამოავლინა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს ნამდვილად ბრაზილიური გოლი იყო!

1:0 ჯოვინო (74)

ამ გამარჯვებით ბათუმის დინამომ 58 ქულა დააგროვა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ორი თამაშით ნაკლები აქვს თბილისის დინამოს და 4 ქულით ჩამორჩება გია გეგუჩაძის გუნდს. დინამო თბილისი 21 სექტემბერს ჩიხურას ეთამაშება. ამ მარცხის შემდეგ საბურთალოს 51 ქულა აქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

დინამო ბთ. 1:0 საბურთალო

გოლი: 1:0 ჯოვინო (74).

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, მანჯგალაძე - ჯიღაური (70. გაფრინდაშვილი), ჯოვინო, რამოსი (84. თევდორაძე) - დვალიშვილი (77. ტეიდი).

საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, რეხვიაშვილი - ჩაბრაძე, კაკუბავა (56. ალთუნაშვილი), ტერა, ლაკვეხელიანი (65. დიასამიძე) - კოხრეიძე, გაბედავა (75. როლოვიჩი).

გაძევება: ტერა (62).

კომენტარები

ბოლო ამბები