Thumbnail
  • დინამო თბილისის დირექტორის განცხადებას ბათუმიდან ეხმაურებიან
  • არჩილ ბერიძის თქმით, ბათუმელებს ლევან მჭედლიძის გადაბირება არ სურდათ

დღეს თბილისის დინამომ ლევან მჭედლიძე ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელმა, რომელიც იტალიურ ემპოლისთან დამშვიდობების შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა, თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა და 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ზაზა დოლიძე, რომან ფიფია და ლევან მჭედლიძე
📸 | დინამო თბილისი

“ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია, თუმცა რამდენიმე ვარიანტი მქონდა. მათ შორის, იყო ბათუმის დინამოს ვარიანტიც,” - განაცხადა მჭედლიძემ.

“ეს დუელი ბათუმის დინამოს მოვუგეთ და ისე ჩემპიონატსაც მოვუგებთ,” - დაამატა დინამო თბილისის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ.

“მე ვერაფერს დავამატებ. დეტალებზე საუბარი არ მიყვარს. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო,” - დასძინა კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

ამ თემას დინამო ბათუმის მმართველთა საბჭოს დირექტორი გამოეხმაურა. იგი ლევან მჭედლიძით დაინტერესებას უარყოფს: “დინამო ბათუმს არასდროს ჰქონია ინტერესი ლევან მჭედლიძის მიმართ და რომ ჰქონოდა, მჭედლიძე დღეს ბათუმის დინამოს ფეხბურთელი იქნებოდა! - აცხადებს არჩილ ბერიძე - დინამო ბათუმი წარმატებას უსურვებს ლევან მჭედლიძეს, დინამო თბილისს და ყველა ქართულ საფეხბურთო კლუბს. გვჯერა, რომ გუნდების გაძლიერება წაადგება ქართულ ფეხბურთს".

დინამო ბათუმის მმართველთა საბჭოს დირექტორი არჩილ ბერიძე და სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძეს პრაქტიკულად მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული. 2008-2010 წლებში სიცილიურ პალერმოში ასპარეზობდა, შემდეგ კი 9 წელი ემპოლიში გაატარა. ტოსკანური გუნდის რიგებში 150 მატჩი აქვს გამართული. ქართველმა ფორვარდმა შესაძლებლობები სრულად ხშირი ტრავმების გამო ვერ გამოავლინა.

კომენტარები

ბოლო ამბები