Thumbnail

ლევან მჭედლიძე: 'ბარსელონას ექიმთან ურთიერთობის შემდეგ, პრობლემა აღარ მქონია'

  • დინამო თბილისმა ახალწვეული ლევან მჭედლიძე მედიას წარუდგინა
  • 29 წლის თავდამსხმელმა თავის არჩევანსა და მდგომარეობაზე ისაუბრა
  • რომან ფიფიამ კლუბისთვის ამ ტრანსფერის მნიშვნელობაზე ილაპარაკა

დინამო თბილისმა ახალწვეული ლევან მჭედლიძე ჟურნალისტებს წარუდგინა. საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელმა, რომელიც იტალიურ ემპოლისთან დამშვიდობების შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა, თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა და გუნდის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

მჭედლიძის უპირველესი მიზანი დინამოში ჩემპიონობის მოპოვებაა
ფოტო: fcdinamo.ge

პრესკონფერენციაზე ლევან მჭედლიძე კლუბის პრეზიდენტთან, რომან ფიფიასთან ერთად წარსდგა.

ლევან მჭედლიძე (დინამოს თავდამსხმელი):

"პირველი რიგში, დიდი მადლობა კლუბის პრეზიდენტს, მის დირექტორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იმუშავა ამ ტრანსფერზე. ბევრი არც მიფიქრია, სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მივაღწიო იმ წარმატებებს, რაც გუნდს მიზნად აქვს დასახული. 

იყო ბათუმის დინამოს, ასევე სხვა, უცხოური კლუბების ვარიანტებიც, მაგრამ მინდა ამ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას, პირველ რიგში, მოვიგო ჩემპიონატი, შემდეგ უკვე სხვა მიზნებზე ვიფიქროთ.

პირდაპირ გეტყვით, რომ ეროვნულ ლიგაში ჩართული არ ვიყავი. უბრალოდ, ამ ბოლო დროს, თბილისში ვარჯიშის პერიოდში, რამდენიმე თამაშს ვიყურე და ამან გამიჩინა აქ მოსვლის სურვილი. განვლილ წლებთან შედარებით წინსვლას ვხედავ. 

ლევან მჭედლიძე ემპოლის სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობა

მოვედი ძალიან ძლიერ კლუბში, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და მინდა გავხდე მასთან ერთად ჩემპიონი. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ იქნება ნაკრებში გამოძახებისა და თამაშის მხრივ. 

ჩემს ტრავმიანობას რაც შეეხება, ფეხბურთელი რომელიც ჩამოდის საქართველოში და ერთდროულად თამაშობს 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და პირველ ნაკრებებში… ვარჯიში არ მიწევდა. ყველა ძლიერი სპეციალისტის დასკვნა იყო - არასწორი მიდგომა. მას შემდეგ, რაც ურთიერთობა ბარსელონას ექიმთან მაქვს, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია, პრობლემა აღარ მქონია.

ლევანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული

ფიზიკურად მზად ვარ, უბრალოდ, ორი კვირა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, არ მივარჯიშია. ახლა ინდივიდუალურად უკვე ვვარჯიშობ და სავარაუდოდ, ერთ კვირაში უკვე შევუერთდები გუნდს".

ლევან მჭედლიძეს პრაქტიკულად მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული. 2008-2010 წლებში სიცილიურ პალერმოში ასპარეზობდა, შემდეგ კი 9 წელი ემპოლიში გაატარა. ტოსკანური გუნდის რიგებში 150 მატჩი აქვს გამართული. ქართველმა ფორვარდმა შესაძლებლობები სრულად ხშირი ტრავმების გამო ვერ გამოავლინა.

რომან ფიფია (დინამოს პრეზიდენტი):

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მჭედლიძეა, დინამოში მოვიდა სათამაშოდ. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. კონტრაქტი გაფავორმეთ 1+1 სისტემით, ლევანს კი სურვილი აქვს, დინამო ევროსარბიელზე გაიყვანოს.

კონტრაქტის მიუხედავად, გვაქვს კიდევ კაცური შეთანხმება. ყველაფერი კონტრაქტში არ იწერება. თუმცა, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტიც ვერ შველის, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც ხელშეკრულების დაკონკრეტება არ სჭირდებათ. ლევანისთან გვაქვს ასეთი შეთანხმება - წავალთ იმ სიშორეზე, სადამდეც ერთად უნდა ვიაროთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ლევანს დიდი რესურსი აქვს და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ლევანი დინამოს ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტსა და დირექტორთან ერთად დაესწრო
ფოტო: fcdinamo.ge

ეს არის პირველი ნაჯიბი. ჩვენი მიზანი დღეს ჩემპიონობაა, შემდეგ კი ზამთრის ფანჯარა იქნება. ვაპირებთ გაძლიერებას. ვფიქრობ, ლევანის ეს ნაბიჯი დააფიქრებს სხვა ქართველ ფეხბურთელებს, რომლების მიმართაც გვექნება ინტერესი. გვინდა გავიდეთ ჯგუფში - ევროპალიგის იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგის, დიდი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არ აქვს. ეს ნავსი უნდა გავტეხოთ. და ეს შეგვიძლია. 

პირდაპირ ვიტყვი და არ შემრცხვება, რომ ჩვენ ფეიენოორდს დავამარცხებდით, მსაჯს ასე რომ არ ემაიმუნა. მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. გამოდის, რომ მსაჯიანად უნდა მოვუგოთ".

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ, დინამო თბილსს 54 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს, რომელსაც ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები