Thumbnail

'მელოტი ვენგერია' - ფანები ზიდანის წინააღმდეგ, რა დაუჯდება რეალს მისი გაშვება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-სთან წაგების შემდეგ, რეალიდან ზინედინ ზიდანის გაშვებაზე საუბარი დაიწყო
  • მადრიდელი ფანები ზიზუს ძველ წარმატებებს კრიშტიანო რონალდოს მიაწერენ 
  • ესპანურ მედიაში უკვე დაიწერა, რა დაუჯდება სამეფო კლუბს ფრანგთან განშორება 

მადრიდის რეალის ფანები გუნდის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გაშვებას ითხოვენ. 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში, რეალი სტუმრად პსჟ-სთან უშანსოდ დამარცხდა - 0:3. თანაც, მადრიდელებმა კეილორ ნავასის კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს, ამ სტატისტიკამ კი კლუბის გულშემატკივრები კიდევ უფრო გააცოფა.

📋 მეტი ამ თემაზე: 

"ზიდანი ნამდვილი თაღლითია. თავის დროზე რეალში მან წარმატებას მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს წყალობით მოიპოვა", - აცხადებს რეალის ერთ-ერთი ქომაგი.

"რონალდოს გარეშე ზიდანი, როგორც მწვრთნელი, დამთავრებულია. როგორ შეიძლება 500 მილიონი ახალწვეულებში დახარჯო და ასე ცუდად ითამაშო? კარისკენ", - ამატებს მეორე.

"პარი სენ-ჟერმენმა ნეიმარის, მბაპესა და კავანის გარეშე რეალი დააქუცმაცა. ზიდანის წარმატებების 99%-ში რონალდოს წვლილია. მელოტი არსენ ვენგერია", - აღნიშნავს სხვა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი რეალში გასული სეზონის მეორე ნახევარში დაბრუნდა და თანამდებობაზე არგენტინელი სანტიაგო სოლარი შეცვალა. ესპანეთის ჩემპიონატში გასული 4 ტურის შემდეგ, რეალს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამეა.

ფანები ზიზუს ყველა წარმატებას კრიშტიანო რონალდოს მიაწერენ

ესპანური მედია უკვე წერს იმაზე, რა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ფრანგი სპეციალისტის გაშვება. ზიდანთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, რეალს 80 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი. ამ თანხაში შედის ზიზუს ხელფასი, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდე 39 მილიონ ევროს შეადგენს, დანარჩენი კი - გადასახადებია.

იუწყებიან, რომ თუკი ზიდანს გაუშვებს, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის ადგილზე ჟოზე მოურინიოს მიიწვევს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი, რომელიც მადრიდულ გუნდს 2010-13 წლებში წვრთნიდა, ამჟამად დაუსაქმებელია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები