Thumbnail
  • 📅 22 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ სევილია V რეალი
  • რეალს "სანჩეს პისხუანზე" 2015 წლის მაისის მერე არ მოუგია

ლა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა კვირას 'სანჩეს პისხუანზე' გაიმართება - ანდალუსიას "სამეფო კლუბი" სტუმრობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პარიზული მარცხის შემდეგ შავ დღეშია. სევილია ლიდერია და მესამეადგილოსან რეალს 2 ქულით უსწრებს.

ამ დაპირისპირებაში ყველაზე საინტერესო სამწვრთნელო დუელი გვგონია - ზინედინ ზიდანის ლიგაზე მესამე ტრიუმფის შემდეგ, ლეგენდარული ფრანგი წავიდა. რეალმა კი მის ნაცვლად ესპანეთის ნაკრების თავკაცი ხულიენ ლოპეტეგი მიიყვანა. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა - ლოპეტეგი უკვე რუსეთში იყო და მუნდიალისთვის ემზადებოდა, როცა ნაკრებიდან გააგდეს და ალბათ, იქ აღარასდროს დაუძახებენ. რეალში კი ბასკის კარიერა არ აეწყო, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო ლა ლიგაში და ბარსასთან 1:5-ის შემდეგ მას კარზე მიუთითეს.

ხულიენ ლოპეტეგი

მოკლედ, რეალმა ლოპეტეგის კარიერა გაუფუჭა, შესაძლოა, საბოლოოდაც. ახლა მას შურისძიების წყურვილი კლავს, მის ნაცვლად (შუაში იყო სანტიაგო სოლარის კიდევ უფრო უიღბლო კარიერა რეალში) ისევ "სამეფო კლუბში" დაბრუნებული ზინედინ ზიდანის შეგირდების წინააღმდეგ.  
რეალს ჯერ არაფერში ეტყობა, რომ გუნდმა ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელებისთვის ჯამში 300 მილიონი ევრო გაიღო, ყველა ელის ედენ აზარის ათამაშებს, გუნდს ძალიან აკლია ტრავმირებული ლუკა მოდრიჩი. 

მეტი ამ თემაზე

ზიდანს სერხიო რამოსი უბრუნდება, თუმცა არ ეყოლება მარკო ასენსიო, ბრაიმ დიასი, ფერნანდო ვალვერდე და ალბათ, არც ისკო ალარკონი. სევილიას რიგებში მხოლოდ ნოლიტოს თამაშია საეჭვო. 

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-3-3): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, დიეგო კარლოსი, კარისო, რეგილონი - ჟორდანი, ფერნანდო, ბანეგა - ოკამპოსი, ლუკ დე იონგი, ელ ჰადადი  

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ხამეს როდრიგესი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, აზარი

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგის ბოლო 6 მატჩში სევილიას მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გადის.

⚽ სევილია ლა ლიგაში 6 ტურია, რაც არ დამარცხებულა. 

⚽ ლა ლიგის ბოლო 3 საგარეო მატჩში რეალის მონაწილეობით 2.5 გოლზე მეტი გადის.

⚽ რეალისთვის ბოლო ვიზიტი "სანჩეს პისხუანზე" (2018 წლის 26 სექტემბერს) ცუდად დასრულდა, სევილიამ ანდრე სილვას დუბლითა და ვისამ ბენ იედერის გოლით 3:0 მოიგო.

⚽ რეალმა ამ სტადიონზე ბოლოს 2015 წლის მაისში მოიგო. მას შემდეგ სევილიამ 5-დან 4 მატჩი მოიგო (ბოლო სამი ზედიზედ) და 1 ფრედ დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები