Thumbnail
  • 20 წლის ქართველი მგეზავი სადებიუტო მსოფლიო თასზე ითამაშებს
  • თედო აბჟანდაძემ პირად და გუნდურ მიზნებზე ისაუბრა

20 წლის ქართველი მორაგბე თედო აბჟანდაძე მისთვის სადებიუტო მსოფლიო თასისთვის ემზადება. ახალგაზრდა ბორჯღალოსანს ეროვნული ნაკრების მაისურით მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, მომავალ ტურნირზე, დიდი ალბათობით, გუნდის სასტარტო მგეზავი იქნება, რაც მას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. თედოს კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდმა გაავრცელა.

“ამ მსოფლიო თასზე ჩემი მიზანი ტაქტიკურად გამართული რაგბის თამაში, ტემპის რეგულირება, თამაშის აჩქარება და ისაა, რომ მოწინააღმდეგე გუნდი წნეხში ვამყოფო. ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმუმი გამოვავლინო, ყველას ვაჩვენო რა შემიძლია და რისი გაკეთება შემეძლება მომავალში“.

საინტერესოა, რომ აბჟანდაძის ფაქტორს მსოფლიო თასის ფეისბუქგვერდიც გამოეხმაურა და რაგბის ქომაგებს ქართველ ტალანტზე დაკვირვება ურჩია. თედოს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ექსპერტებიც.

20-years-old and running the show at fly-half for Georgia Keep your eyes peeled for Tedo Abzhandadze at #RWC2019

Posted by Rugby World Cup on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019

“ჩემთვის ასეთი აღიარება მოულოდნელი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის წაკითხვა სასიამოვნოც გახლდათ. ახლა, მე უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, უკეთ უნდა ვითამაშო, თუმცა, ეს სასიამოვნო წნეხია”.

‘თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში’ – გორგოძე პირად რეკორდებზე არ ფიქრობს

ქართველი მგეზავის აზრით, ეროვნული ნაკრები მოახლოებულ ტურნირს უფრო კარგად დაბალანსებული შემადგენლობით ხვდება.

“ვფიქრობ, იაპონიაში უკეთესი უკანა ხაზი გვეყოლება, ვიდრე წინა - მსოფლიო თასზე. ეს საკლუბო დონეზეც ჩანს. ახლა უფრო მეტი ბექი თამაშობს საფრანგეთში, ვიდრე წინა წლებში. ვცდილობთ, ხაზის თამაში დავაბალანსოთ და ის ფორვარდებისას გავუტოლოთ“.

თედო აბჟანდაძე, დიდი ალბათობით, ნაკრების სასტარტო მგეზავი იქნება
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ნიჭიერი ქართველი მორაგბე პირად პროგრესსაც ხაზს უსვამს, რაშიც მას ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპოიონატებზე გარჯა დაეხმარა. თედომ 20-წლამდელთა პირველობაზე უკვე 3-ჯერ ითამაშა.

“წელს განსაკუთრებული 20-წლამდელთა ჩემპიონატი გვქონდა, რადგან უფრო ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე აქამდე გვიწევდა. მეც მივეჩვიე პროფესიონალ მორაგბეებთან თამაშს, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები ისეთ ჩემპიონატებში გამოდიოდნენ, როგორებიც ზე-რაგბი, TOP 14 და პრემიერშიფია. ამან დამანახა როგორი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება ჭირდება უმაღლეს დონეზე თამაშს“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას 23-ში უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები