Thumbnail
  • იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკოსთან თამაშისთვის ემზადება 
  • 31 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ვარჯიშის დროს ნერვები ვერ მოთოკა
  • onefootball.com-ს პიპიტას საქციელზე თემურ ქეცბაიას გამოხდომა გაახსენდა

ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩისთვის ემზადება. იტალიური გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე კი გონსალო იგუაინი წყობილებიდან გამოვიდა, რის გამოც ყურადღების ცენტრში მოექცა.

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | ჟესტების ომიდან შურისძიებამდე? მადრიდი კრიშტიანოს მოლოდინში

წვრთნის დროს, არგენტინელი თავდამსხმელი თანაგუნდელებისთვის ბურთის ართმევას ცდილობდა, მაგრამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (ხუან კუადრადომ ბურთი თავზე გადაატარა) ისე გაბრაზდა, ფეხი ჯერ იქვე მყოფ სამწვრთნელო შტაბის წევრს ჩასცხო, შემდეგ კი წიხლები ბანერს ურტყა. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს "პიპიტა" ხუმრობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი მართლა გაცხარებული ყოფილა და მისი დამშვიდება საკუთარ თავზე ლეონარდო ბონუჩიმ აიღო.

onefootball.com-მა არგენტინელის ეპიზოდი, საქართველოს ნაკრებისა და ნიუკასლის ყოფილი ფეხბურთელის, თემურ ქეცბაიას ქმედებას შეადარა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, 2011 წელს, ქეცბაიამ პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში ბოლტონთან (2:1) გამარჯვების გოლი შეაგდო და ეს ძალიან ემოციურად გამოხატა - წიხლები სარეკლამო ბანერს ურტყა.

📺 ქეცბაიას ჰაილაითები ნიუკასლში

31 წლის არგენტინელმა ფორვარდმა გასული სეზონი იჯარით ჯერ მილანში, შემდეგ კი ლონდონის ჩელსიში, მაურიციო სარისთან გაატარა, რომლის ხელმძღვანელობით ამჟამად უკვე იუვენტუსში გამოდის. იგუაინმა სერია A-ში იუვენტუსის სამივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მის ანგარიშზე ერთი გოლია. 

ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში სტუმრად მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება. შეხვედრა “ვანდაზე” თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები