Thumbnail
  • ბორჯღალოსანთა კაპიტანი ფორმაში შედის
  • მერაბ შარიქაძე მე-2 მსოფლიო თასზე ითამაშებს

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე იქნება, რომლის მომავალ ტურნირზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ქართველი მორაგბე სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსთან მოსამზადებელ მატჩში დაშავდა და მინდვრის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

საბედნიეროდ, გიორგი ცუცქირიძისგან განსხვავებით, “ბუკას” ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მომავალი ბატალიებისთვის იაპონიაში ემზადება და უკვე სირბილიც დაიწყო. შარიქაძის კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის საიტმა გაავრცელა.

“სირბილი ახლახანს დავიწყე და თავს ნორმალურად ვგრძნობ. ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო თასის მსვლელობისას ფორმაში შესვლას მოვახერხებ. ჩვენგან ბევრს ელიან და ყოველდღე, ყოველ საათს მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

მერაბ შარიქაძემ ვარჯიში განაახლა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

შარიქაძის თქმით, მისთვის კაპიტნის როლი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ტრავმის ფონზე კიდევ უფრო იზრდება.

“მამუკა გუნდში აღარ იყო და კაპიტნის როლის შესრულება ჩემს თავზე ამის გამო ავიღე. ახლა, როდესაც მსოფლიო თასზე ვიმყოფებით, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით ტრავმის ფონზე“.

შეგახსენებთ, რომ მერაბმა 2015 წლის მსოფლიო თასზე ოთხივე მატჩი ჩაატარა, სულ კი, ბორჯღალოსანთა მაისური 63 თამაშში აქვს მორგებული და მის აქტივში 12 ლელოა.

მოახლოებული მსოფლიო თასი იაპონიაში სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, საქართველოს ნაკრები კი პირველ მატჩს 23-ში უელსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები