Thumbnail

მარიამ ბოლქვაძე: ქვეყნის შეცვლა არც მიცდია, საქართველოს სახელით მსურდა გამოსვლა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე 4 მეტოქე დაამარცხა
  • ინტერვიუ 21 წლის ქართველ ჩოგბურთელთან

მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე შესანიშნავად ითამაშა და ქართული სპორტის გულშემატკივრებს უკეთ გააცნო თავი. 21 წლის ჩოგბურთელმა პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და შემდეგ, პირველი ეტაპიც გაიარა. ამ გზაზე, მარიამმა ოთხი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერთან, კაროლინა პლიშკოვასთან თამაშის უფლება მოიპოვა. ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა, თუმცა მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მარიამმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა...

popsport: ამერიკის ღია პირველობის შემდეგ უფრო პოპულარული გახდი საქართველოში. რა შეცვალა ამ ტურნირმა შენ კარიერაში?

ბოლქვაძე: ამ ტურნირმა რეიტინგში 50 ადგილით წამწია წინ, რაც დიდი პროგრესია. ამ ყველაფერმა თავდაჯერება შემმატა. საქართველოში უფრო პოპულარული გავხდი, რაც ძალიან სასიამოვნოა. კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით და მთლიანობაში, კარგი ტურნირი იყო. მარტო ვიყავი და ძალიან კარგად გავუმკლავდი სტრესს. 

popsport: რას გულისხმობ მარტო ყოფნაში?

ბოლქვაძე: ზოგადად, დიდ ტურნირებზე ყველას ჰყავს თავისი გუნდი, მწვრთნელი, ან მშობელი მაინც, მე კი მარტო ვიყავი წასული. გარკვეული პრობლემების გამო, მწვრთნელიც ვერ ჩამოვიდა. მიყვარს მარტო ყოფნა, მაგრამ სხვებისთვის უცნაური იყო, რომ იქ გუნდის და მწვრთნელის გარეშე ვიყავი. თამაშებზე ჩემი მეგობრები და ამერიკაში მცხოვრები ქართველები მოდიოდნენ, რამაც ძალა შემმატა და ამისთვის, დიდი მადლობა მათ.

არ მიყვარს რეიტინგების ყურება. მთელი კონცენტრაცია თამაშზე უნდა მოახდინო და მაღალი რეიტინგი თავისით მოვა

popsport: საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციიდან ხომ არ ელოდები მეტ მხარდაჭერას, რომ ასეთი დონის ტურნირებზე მარტო არ გიწევდეს ყოფნა?

ბოლქვაძე: საქართველოსა და აჭარის ჩოგბურთის ფედერაციაში ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შემიწყონ წინსვლაში. შესაძლოა, სხვა ქვეყნენის წარმომადგენლებს მეტი ხელშეწყობა აქვთ, მაგრამ ეს იმ ქვეყნების შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. ბავშვობიდან ლონდონში ვვარჯიშობ, ჩემი მწვრთნელიც იქაურია და ის, რომ ჩამოსვლა ვერ მოახერხა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან კავშირში არ არის. 

popsport: ამერიკის ღია პირველობა გავიხსენოთ: შეგეძლო თუ არა უფრო მეტი და ბარემ, ქართულ მადლობაზეც გვითხარი...

ბოლქვაძე: პლიშკოვასთან უკეთ შემეძლო თამაში, მაგრამ პირველად ვიასპარეზე ამდენი მაყურებლის წინაშე და მაინც ამაყი ვარ საკუთარი თავით. მეორე სეტში მოვიკრიბე ძალა და სრული კონცენტრაცია მოვახდინე. მოკლედ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ქართულ მადლობას, ძალიან გამიკვირდა. მე ინგლისურად გადავუხადე მადლობა, მან კი მოულოდნელად ქართულად მიპასუხა. მაგალითად, პლიშკოვას ინგლისურად უთხრა მადლობა. სასიამოვნო ჟესტი იყო.

📺 ვიდეო: კაროლინა პლიშკოვა 6:1, 6:4 მარიამ ბოლქვაძე (მიმოხილვა)

 

popsport: რა არის შემდეგი მიზანი: რომელ ტურნირზე აპირებ გამოსვლას და რა ამოცანა გაქვს დასახული?

ბოლქვაძე: ჯერჯერობით ვისვენებ, ვარჯიშის განახლებას კი თბილისში, champions academy-ში ვაპირებ. ტრავმები მქონდა და მინდა, რომ იდეალურ ფორმაში ჩავდგე. მხოლოდ ამის შემდეგ ვითამაშებ ტურნირზე. თუ სად და როდის, ეს ჯერ არ ვიცი.

popsport: როგორია შენი კარიერული გეგმები და როგორ ფიქრობ, სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი?

ბოლქვაძე: ამ ეტაპზე, ჩემი მიზანი რეიტინგის ტოპ 100 ჩოგბურთელში მოხვედრაა. ვფიქრობ, არ არსებობს შესაძლებლობების ზღვარი. თუ მიზანს დაისახავ და ბევრს იშრომებ, ადრე თუ გვიან დაგიფასდება. ზოგადად, არ მიყვარს რეიტინგების ყურება. მთელი კონცენტრაცია თამაშზე უნდა მოახდინო და მაღალი რეიტინგი თავისით მოვა.

არ არსებობს შესაძლებლობების ზღვარი. თუ მიზანს დაისახავ და ბევრს იშრომებ, ადრე თუ გვიან დაგიფასდება

popsport: რა სათამაშო კომპონენტებზე გაქვს სამუშაო, რომ კარიერაში წინსვლა განაგრძო?

ბოლქვაძე: ჩემი პლუსი უკანა ხაზიდან თამაშია. მძიმე დარტყმები მაქვს, რასთან გამკლავებაც არ არის ადვილი. თუმცა, მოსამატებელი ყველა კომპონენტში მაქვს და მათ შორის, ამაშიც. ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე ბევრი შრომა მომიწევს და ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ჯერ ვერ ვაჩვენებ.

📺 ვიდეო: მარიამ ბოლქვაძე 6:3, 5:7, 6:4 ბერნარდა პერა (მიმოხილვა)

popsport: ქალთა ჩოგბურთში ხშირია სენსაციები და თითქოს, ისეთი ვარსკვლავებიც აღარ მოდიან, როგორიც აქამდე გვახსოვს. როგორ ფიქრობ, ვითარდება ქალთა ჩოგბურთი, თუ კრიზისია?

ბოლქვაძე: სიმართლე გითხრათ, ხშირად არ ვუყურებ ჩოგბურთს. მთავარი ამბები ვიცი, მაგრამ აქტიურად ჩართული არ ვარ. თუ კორტზე მოვხვდი, მხოლოდ მაშინ ვუყურებ თამაშს, ეს კი სრულ წარმოდგენას ვერ მიქმნის. ამიტომ გამიჭირდება ქალთა ჩოგბურთში დღეს არსებული ვითარების დეტალური შეფასება.

ქვეყნის შესაცვლელად დროა საჭირო, მაგრამ მე არც მიცდია, რადგან ყოველთვის საქართველოს სახელით მსურდა გამოსვლა

popsport: როგორც აღნიშნე, ბავშვობიდან ლონდონში ვარჯიშობ. თუ გქონდა დიდი ბრიტანეთის სახელით თამაშის შანსი და თუ იყავი არჩევანის წინაშე?

ბოლქვაძე: ლონდონში ვვარჯიშობდი, მაგრამ ბრიტანელებისგან პირდაპირი შემოთავაზება არ მქონია. თან, პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ვითამაშე საქართველოს ნაკრებში და ამით, ეს საკითხიც გადაწყდა. ქვეყნის შესაცვლელად დროა საჭირო, მაგრამ მე არც მიცდია, რადგან ყოველთვის საქართველოს სახელით მსურდა გამოსვლა.

popsport: როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ჩოგბურთის დონე ამაღლდეს და მომავალში, უფრო მეტმა ქართველმა ითამაშოს უმაღლეს დონეზე?

ბოლქვაძე: საქართველო პატარა ქვეყანაა და ამ ფონზე, საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ ჩოგბურთში. ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეთ დონეზე თამაშობს, უკვე ძალიან საამაყოა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის პირობებში, ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები