Thumbnail

ტაბიძემ და ყაულაშვილმა საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონი დაალელოვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველთა ბორდო TOP 14-ის ლიდერთა შორისაა
  • ტაბიძის და ყაულაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი მონპელიესთან უწევს

საფრანგეთის TOP 14-ის მე-4 ტურში 2 ქართული ლელო გავიდა. ეს, ბორდოში მოხდა, სადაც ადგილობრივი გუნდი ქვეყნის 14-გზის ჩემპიონ სტად ფრანსეს დაუხვდა და 52:3 გაანადგურა.

მასპინძლებმა სულ 7 ლელო დადეს, მელელოვეთა შორის კი ქართველი ლეგიონერებიც იყვნენ: ლაშა ტაბიძემ თავი 21-წუთზე გამოიჩინა, ლექსო ყაულაშვილმა კი – 65-ეზე.

ლაშა ბორდოელთა კონტრშეტევას ჩინებულად მიჰყვა, ბურჯის კვალობაზე ჩინებული სისწრაფე გამოავლინა და ბურთის დამიწება მოახერხა, ლექსომ კი მრავალფაზიანი შეტევისას მეტოქის კაცნაკლულობით ისარგებლა და ხაზის გაჭრა იოლად შესძლო.

ცნობისთვის, ტაბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე ადგილი სწორედ თანამემაულეს დაუთმო, თუმცა, რეალურად, ყაულაშვილი მინდორზე უფრო ადრე ჩაერთო, რადგანაც 50-ე წუთზე მარკო ტოლეინი 10 წუთით დროებით შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ჟირონდელებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს და 18 ქულით ლიონთან ერთად, პირველი-მეორე ადგილებს ინაწილებენ, მომდევნო შეხვედრას კი 28 სექტემბერს, სტუმრად, მონპელიესთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები