Thumbnail

ბასილაშვილი მეცის ტურნირში მე-2 განთესვით ჩაებმება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზი თამაშს პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყებს
  • ქართველ ჩოგბურთელს საფრანგეთში 45 ქულა აქვს დასაცავი

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში იმყოფება და მომავალ კვირას მეცის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 586 140 ევროა.

ბასილაშვილს MOSELLE OPEN-ზე მე-2 განთესვა აქვს, რისი წყალობითაც საწყის რაუნდში თავისუფალია, მერვედფინალში კი ფრანგ უგო ჰუმბერტს და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს გაეჯიბრება.

ნიკოლოზის ბადის ნახევარში ფრანგი ლუკა პუიე (4), ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (5) და გერმანელი იან-ლენარდ შტრუფიც (8) იმყოფებიან, მე-2 მხარეს მყოფთაგან კი ბელგიელი დევიდ გოფინი (1), ფრანგები ბენუა პერი (3) და ჟილ სიმონი (7) და პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი (6) უნდა გამოვარჩიოთ.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სწორედ ხსენებული სიმონია, ბასილაშვილმა კი 2018 წელს მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან 3:6, 6:4, 4:6 წააგო, ამდენად, 45 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 1 895 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება, მეცის ტურნირის გამარჯვებულს კი 250 ქულა ერგება და თუკი, ის ჩვენებური აღმოჩნდა, სავარაუდოდ, მისთვის სარეკორდო მე-14 ადგილამდე აღზევდება.

კომენტარები

ბოლო ამბები