Thumbnail

კვერკველია ვერც ლევერკუზენთან ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგა ქართველების გარეშე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ლოკომოტივის მცველი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ მატჩს გამოტოვებს
  • 27 წლის ფეხბურთელს გაზაფხულზე მიღებული ტრავმის გამო ამ სეზონში არ უთამაშია
  • დიდი ალბათობით, პირველ ტურს ტრავმირებული დავით ხოჭოლავაც გამოტოვებს 

მოსკოვის ლოკომოტივის ცენტრალური მცველი საბა კვერკველია გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა.

27 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გაზაფხულზე მიღებული ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და ამის გამო ვერც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა სექტემბრის მატჩებში, სათამაშოდ მზად არც ლევერკუზენის ბაიერთან მატჩისთვის იქნება.

საბა კვერკველია ჯერჯერობით მხოლოდ ვარჯიშს ახერხებს

მოსკოველები გერმანულ კლუბს 18 სექტემბერს, სტუმრად ეთამაშებიან.

"ითამაშებს თუ არა ლევერკუზენთან კვერკველია? არა", - ასეთი პასუხი გასცა სიომინმა ТАСС-ს.

დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ქართველის გარეშე ჩაივლის. ტურნირში მონაწილე გუნდში (დონეცკის შახტარი) მოთამაშე კიდევ ერთ ჩვენს ლეგიონერს, დავით ხოჭოლავასაც ტრავმა აქვს და საეჭვოა, გამოჯანმრთელება მოასწროს. 18 სექტემბერს შახტარი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

მოსკოვის ლოკომოტივს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ 17 ქულა აქვს და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები