Thumbnail
  • ესპანელებმა ოქროს მედლები 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაისაკუთრეს
  • ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედ რიკი რუბიო აღიარეს
  • მე-3 ადგილისთვის მატჩში ფრანგებმა ავსტრალიას აჯობეს

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. პირენეელებმა 2006 წელს გამართული ტურნირის ფინალში საბერძნეთს 70:47 სძლიეს და ამჯერადაც იოლი გასეირნება გამოუვიდათ.

არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ჩინეთში მიმდინარე ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე სენსაციურად მიაღწია, იქ კი, ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყო და ვერცხლის მედლები ისტორიაში მეორედ მოიპოვა (2002 წელს ფინალი იუგოსლავიასთან ოვერტაიმში 77:84 წააგეს).

ესპანელები პირველიდან ბოლო წუთამდე ლიდერობდნენ და მართალია, სამხრეთამერიკელებმა რამდენიმე ეპიზოდში მინი-გაქცევა მოახერხეს, როდესაც მე-3 მეოთხედში სხვაობა 22 ქულა (55:33) გახდა, ყველაფერი ნათელი შეიქმნა.

📺 არგენტინა - ესპანეთი 75:95

საბოლოოდ, სერჯო სკარიოლოს შეგირდებმა 95:75 მოიგეს და ვერავინ იტყვის, რომ მათი ტრიუმფი დაუმსახურებელი იყო. ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 8 მატჩი ჩაატარა და რვავე მოიგო, ყველაზე მეტად კი, ნახევარფინალში გაუჭირდა, სადაც ავსტრალიას მხოლოდ 2 ოვერტაიმის თავზე აჯობა.

ფინალში ყველაზე შედეგიანი რიკი რუბიო იყო 20 ქულით და ტურნირის MVP-ს ტიტულიც ერგო, სერხიო ლულმა 15 ქულა მიითვალა, მარკ გასოლმა - 14, ხუანჩო ერნანგომესმა, ვილი ერნანგომესმა და რუდი ფერნანდესმა კი - 11-11 და ამ უკანასკნელმა მონაგარს 10 მოხსნაც შემატა. არგენტინელთა რიგებში 24 ქულით გაბრიელ დეკი გამოირჩა.

ფინალს თვალი ტონი პარკერმა და მანუ ჯინობილიმაც მიადევნეს

მანამდე, პეკინშივე მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა და საფრანგეთის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლების აღება მოახერხა. “სამფეროვნებს” აღნიშნულის შანსი შორეულ 1954 წელს ჰქონდათ, როდესაც ფილიპინებთან 60:66 წააგეს, ამჯერად კი, ავსტრალიას 67:59 სძლიეს.

ფრანგებმა ბრინჯაოს მედლების მოპოვებით გაიხარეს

საინტერესოა, რომ ფრანგები დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ და მალევე მეტოქის უპირატესობა 15 ქულამდე ავიდა, თუმცა, ევროპელებმა საქმის სათავისოდ მოტრიალება მოახერხეს.

ამჯერად, თამაში არ წაუვიდა რუდი გობერს, რომელიც მხოლოდ ორ ქულას გამორჩა, სამაგიეროდ, კარგად მუშაობდა გუნდის უკანა ხაზი: ნანდო დე კოლომ 19 ქულა ჩააგდო, ევან ფურნიემ კი – 16. ავსტრალიელთა მხრიდან ჯო ინგლსი (17) და პატი მილსი (15) გამოირჩნენ.

📺 საფრანგეთი - ავსტრალია 67:59

მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური ხუთეული ასე  დაკომპლექტდა: ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ევან ფურნიე (საფრანგეთი), რიკი რუბიო (ესპანეთი), მარკ გასოლი (ესპანეთი), ლუის სკოლა (არგენტინა).

კომენტარები

ბოლო ამბები