Thumbnail

საჭადრაკო მსოფლიო თასი ქართველის გარეშე გაგრძელდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ივან ჩეპარინოვმა რუს მოჭადრაკესთან 0.5:1.5 წააგო
  • ტურნირის გამარჯვებული 110 ათას დოლარს მიიღებს

რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო თასს საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ბულგარელი ივან ჩეპარინოვი (2670) იცავდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2018 წელს მიიღო და ბათუმში გამართულ ოლიმპიადაზეც ითამაშა.

ჩეპარინოვმა პირველ წრეში ეგვიპტელი აჰმედ ადლი (2636) 1.5:0.5 დაამარცხა, მეორეში კი იდენტური ანგარიშით წააგო ვლადისლავ არტემიევთან (2746).

რუსმა მოჭადრაკემ ივანს თეთრი ფიგურებით სძლია, შავებით კი, მისთვის სრულიად მისაღები ყაიმი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური სისტემით მიმდინარე ტურნირში 128 მოჭადრაკე ჩაება, ასპარეზობის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი კი ჩინელი დინ ლიენია (2811), რომელმაც ორი კვირის წინ სინკფილდის უძლიერესი ტურნირი მოიგო.

შეჯიბრის რეგლამენტის თანახმად, ფინალისტები მომავალ წელს, პრეტენდენტთა 8 კაციან ტურნირზე იასპარეზებენ, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს უძლიერეს მოადრაკე მაგნუს კარლსენს (ნორვეგია) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეეცილება.

მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 1.6 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 110 ათასს მიიღებს, ხოლო ფინალისტი – 80 ათასს.

კომენტარები

ბოლო ამბები