Thumbnail

გელა ზაალიშვილის ოქრო და ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ფინეთში!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართული აქტივში 6 ოქროს მედალია
  • გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ნაკრებისთვის ტრიუმფული გამოდგა. გელა ზაალიშვილმა ქართულ გუნდს კიდევ ერთი, რიგით მეექვსე ოქროს მედალი შემატა!

+100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ზაალიშვილი გერმანიის სახელით მოასპარეზე ერიკ აბრამოვს შეხვდა და შანსი არ დაუტოვა მეტოქეს. ორთაბრძოლა ქართველი ძიუდოისტის სრული უპირატესობით წარიმართა და ლოგიკურად  2 ვაზარით დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რა თქმა უნდა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც კი მონაწილეობდნენ. სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა ხუთში იასპარეზეს და ხუთივეში ოქროს მედლები მოიპოვეს.

ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.

15 სექტემბერს ვანტააში გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები