Thumbnail
  • 📅 15 სექტემბერი | ⌚ 16:00 | 🏀 არგენტინა V ესპანეთი | 📺 პირველი არხი
  • არგენტინას ფინალში ძალიან გაუჭირდება
  • ყველა ძირითადი ფაქტორი ესპანეთისკენ იხრება

ტურნირის წინ, ამ საფინალო წყვილს ალბათ არავინ ელოდა. უფრო სწორად, ფინალში არგენტინას არავინ ელოდა, თორემ ესპანეთი ის გუნდია, რომელმაც ბოლო 15 წელია, ფინალებს მიგვაჩვია.

არგენტინამ ორი დიდი სენსაცია მოახდინა და ტურნირის ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტი სერბეთი და ამერიკის მძლეველი საფრანგეთი სახლში გაუშვა. თუმცა, ფინალში კიდევ უფრო რთული გამოცდა ელის - მის წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი და ძალიან მაღალი კლასის გუნდი ითამაშებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • არგენტინა
  • ესპანეთი

სერბეთს არგენტინამ სწრაფი შეტევით და, ფაქტობრივად, იდეალური სროლით მოუგო (97 ჩაგდებული ქულა), საფრანგეთს კი აგრესიული და მობილური დაცვით (მხოლოდ 66 მიღებული ქულა). ესპანეთთან გამოწვევა უფრო რთული იქნება - გასოლის გუნდი ძალიან კარგად იცავს თავს და ბევრი სხვადასხვა იარაღი აქვს შეტევაში.

არგენტინას ფინალში ძალიან გაუჭირდება. ყველა ძირითადი ფაქტორი ესპანეთისკენ იხრება.

📌 ესპანეთს უყვარს ტემპის დაგდება და არგენტინას სწრაფ თამაშში, სავარაუდოა, რომ არ აყვება. ნელ თამაშში არგენტინას სროლების შექმნა გაუჭირდება.

📌 ესპანეთს ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე ჰყავს, რომელიც ფაკუნდო კამპასოს წინააღმდეგ ითამაშებს (რუბიო, ლული, კლავერი, რიბასი). კამპასო თამაშში 7.7 პასით არგენტინის შეტევების მთავარი შემოქმედია. პერიმეტრს ესპანეთი ძალიან კარგად იცავს - არადა არგენტინა პერიმეტრიდან თამაშში 36.8 პროცენტით ისვრის და 29.1 ქულას აკეთებს.

📌 კიდევ უფრო ძლიერია ესპანეთის დაცვა სამწამიანში - მარკ გასოლი და ძმები ერნან გომესები ლუის სკოლას ძალიან შეაწუხებენ. ფინალამდე არგენტინას თამაშში 10.6 მოხსნა ჰქონდა შეტევაში - გასოლთან ამ შედეგის გამეორება გაჭირდება.

📌 ფრანგებისგან განსხვავებით, რომელთაც შეტევაში ძირითადად ორი იარაღი აქვთ (ფურნიე, დე კოლო), ესპანეთს შეტევაში ძალიან ბევრი ოფცია აქვს. სკარიოლოს გუნდს სამწამიანიდან მარკ გასოლზე აწყობილი შეტევაც გამოსდის და პერიმეტრზეც ერთდროულად რამდენიმე კარგი მსროლელი დგას (რუდი ფერნანდესი, რიბასი, ლული).

ესპანეთის მთავარი იარაღი მისი დაცვაა - მათმა ვერცერთმა მეტოქემ ძირითად დროში 80 ქულის ჩაგდებაც კი ვერ მოახერხა, პირველ ოთხ შეხვედრაში კი საერთოდაც 70 ქულას კი ვერ გადასცდნენ (მათ შორის ვერც სერბეთი). თვით ავსტრალიამაც კი, რომელიც ძალიან მაგრად უტევდა, ძირითად დროში ესპანეთთან 71 ქულა ჩააგდო.

ესპანეთის საფირმო ნიშანი გადამწყვეტ მეოთხედებში ძალიან აგრესიული თამაშია - მაგალითად, იტალიას მეოთხე მეოთხედში მხოლოდ 12 ქულა ჩააგდებინეს. არგენტინას მოუწევს ამ ტიპის მომენტებთან დაპირისპირება - თუ სამხრეთამერიკელებს გამარჯვება უნდათ, კამპასომ ბურთის გათამაშება და სროლების შექმნა უნდა შეძლოს, სკოლამ კი კიდევ ერთი სასწაული მოახდინოს. საფრანგეთთან სკოლას 28 ქულა გადამწყვეტი იყო. იმ მომენტებში, როდესაც ესპანეთი აგრესიულ დაცვას ითამაშებს, შეტევა ამ ორმა უნდა აიღოს თავის თავზე.  სხვაინაირად ესპანეთის დაცვა არგენტინას გასაქანს არ მისცემს.

ფინალში სკოლას და მარკ გასოლის დაპირისპირება მთავარი ინტრიგა იქნება. სკოლა გასოლს გაბარიტებში და ძალაში ჩამოუვარდება, თუმცა მასზე მოძრავია და გრძელი სროლა (გრძელი ორქულიანი, სამქულიანი) ეხერხება. პერიმეტრიდან იგი ამ ტურნირზე ასტრონომიული 45.8 პროცენტით ისვრის.

დაცვაში არგენტინა თავისი მონდომებისა და აგრესიის იმედად უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენად წაუვათ სროლა რიკი რუბიოს, სერხიო ლულს და რუდი ფერნანდესს. სროლა რუბიოს ძლიერი მხარე არ არის და მეტოქეები მას თავისუფალ სროლებს აძლევენ ხოლმე, თუკი რუბიოს სროლა წაუვიდა, არგენტინას ძალიან გაუჭირდება.

სამხრეთამერიკელების მთავარი იმედი ის უნდა იყოს, რომ რუბიო თავისუფალ სროლებს ვერ ჩააგდებს, ლულის და ფერნანდესის სამიანებიც არ წავა და მათ შეეძლებათ, აქცენტი სამწამიანზე და რუბიო-გასოლის კომბინაციისგან თავის დაცვაზე გააკეთონ. ამ დრომდე რუბიო-გასოლის წყვილი ესპანეთის მთავარი იარაღი იყო - რიკი ძალიან კარგად ხედავს მოედანს და გასოლს ყოველთვის ამარაგებს ბურთით საჭირო მომენტებში.

მთავარი კი მაინც არგენტინის ემოცია და მონდომება იქნება - ეს გუნდი განსაკუთრებული ემოციით თამაშობს და ეს არის მათი მთავარი ძალა. განსაკუთრებული ემოციური მუხტის გარეშე უფრო გამოცდილი და მაღალი კლასის ესპანეთის ძლევა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იქნება. 

კვირას ახალი ჩემპიონის ვინაობას შევიტყობთ - ან ესპანეთის დიდი თაობა ტრიუმფალურად, კიდევ ერთი დიდი წარმატებით დაასრულებს თავის სანაკრებო ასპარეზობას (ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემდეგ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე რომელიმე გასოლი ისევ ნაკრებში ვიხილოთ), ანაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდ სენსაციას მოახდენს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები