Thumbnail
  • გერმანელი ლეგენდები იტალიელი ლეგენდების წინააღმდეგ
  • კლინსმანი, ჰესლერი, პირლო, ტოტი, კანავარო და სხვები ერთმანეთის პირისპირ

გერმანიისა და იტალიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება ნებისმიერ დროსა და გარემოში განსაკუთრებით საინტერესოა - მაშინაც კი, როცა ერთმანეთს ვეტერანები ეთამაშებიან. 

სწორედ ასეთი მატჩი დაიგეგმა 7 ოქტომბერს ფიურტში, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ვეტერანი სუპერვარსკვლავები დაუპირისპირდებიან. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ისეთი ლეგენდები ითამაშებენ, როგორებიც არიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა დროს - იურგენ კლინსმანი, გვიდო ბუხვალდი, თომას ბერთოლდი, უვე ბაინი, თომას ჰესლერი, ტორსტენ ფრინგსი, იენს ნოვოტნი და სხვები.

იტალიის ნაკრებში თამაში უკვე დაადასტურეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონებმა - ანდრეა პირლომ, ფრანჩესკო ტოტიმ, ფაბიო კანავარომ, ჯენარო გატუზომ და ჯანლუკა ძამბროტამ.

“თამაშს მოუთმენლად ველოდები. კიდევ ერთხელ ვნახავ მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონებს, ასევე იმ ბიჭებს, რომლებსაც 2006 წლის მუნდიალზე ვწვრთნიდი. იტალიაზე უკეთეს მეტოქეს ვერ ვინატრებდით. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სანახაობრივი თამაში და ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგება,” - აცხადებს კლინსმანი.

გერმანიისა და იტალიის ნაკრების დუელებს უდიდესი ტრადიციები აქვს - ბუნდესგუნდისა და სკუადრა აძურას დაპირისპირებები ყოველთვის განსაკუთრებულია.  1970 წლის მუნდიალის ნახევარფინალი, რომელშიც იტალიამ გერმანია 4:3 დაამარცხა, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული, საუკუნის მატჩია. 1982 წელს, ესპანეთში გამართულ მუნდიალზე გერმანია და იტალია ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და ისევ იტალიამ მოიგო. ლეგენდარულია მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალიც, რომელშიც იტალიამ გერმანია დორტმუნდში, 119-ე და 120-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა. გერმანელებმა მხოლოდ 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შეძლეს იტალიელების პენალტების სერიაში დამარცხება.

პირლოს პასი და გროსოს გოლი გერმანიასთან, 119-ე წუთზე (2006 წელი)

კომენტარები

ბოლო ამბები