Thumbnail

ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო თასზე რუსს დაუპირისპირდება 

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ივან ჩეპარინოვმა პირველ წრეში ეგვიპტელს 1.5:0.5 სძლია
  • მსოფლიო თასის ფინალისტები პრეტენდენტთა ტურნირზე მოხვდებიან

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმა (2670) წარმატებული სტარტი აიღო მსოფლიოს თასზე, რომელსაც რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს.

ბულგარელმა მოჭადრაკემ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა შარშან მიიღო, პირველ წრეში ეგვიპტელი აჰმედ ადლი (2636) 1.5:0.5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ივანმა მომდევნო რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი პირველივე პარტიაში გადადგა, რომელიც თეთრი ფიგურებით 72-ე სვლაზე მოიგო, შავებით კი 55-ე სვლაზე მისთვის სასურველი ყაიმი დააფიქსირა.

მომდევნო წრეში ჩეპარინოვი რუსეთის წარმომადგენელ ვლადისლავ არტემიევს (2746) დაუპირისპირდება, რომელმაც საწყის ეტაპზე თანამემამულე ილია ილიუშენოკს (2540) ასევე 1:5:0.5 სძლია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის კლასიფიკაციაში ჩეპარინოვი რეიტინგით 54-ეა, ხოლო არტემიევი მე-11.

საჭადრაკო მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიალი

ცნობისთვის, მსოფლიოს თასზე 128 მოჭადრაკე ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით ეთამაშება. 
ასპარეზობის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ჩინელი დინ ლიენია (2811), რომელმაც ორი კვირის წინ სინკფილდის ძლიერი ტურნირი მოიგო, ორი წლის წინ კი, თბილისში გამართულ მსოფლიოს თასის ფინალში სომეხ ლევონ არონიანთან ითამაშა.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ფინალისტები მომავალ წელს, პრეტენდენტთა 8 კაციან ტურნირზე იასპარეზებენ, რომლის გამარჯვებულიც  მსოფლიოს უძლიერეს მოადრაკე მაგნუს კარლსენს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეეცილება.

მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 1.6 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 110 ათასს მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 80 ათასს.

გათამაშება 4 ოქტომბერს დასრულდება, ჩეპარინოვს კი მე-2 რაუნდის პარტიები 13 და 14 სექტემბერს ელის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტაი-ბრეიკი 15-ში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები