Thumbnail
  • ფინეთში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო
  • ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ დღესაც ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ნატალია ყიფშიძე (48კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), ლუკა კაპანაძე (66კგ) და გიორგი თუთაშვილი (66კგ).

სამწუხაროდ, ნატალია ყიფშიძემ და ლუკა კაპანაძემ ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს. ყიფშიძე პირველივე წრეში რუს ალინა სერგეევასთან წუთსა და 14 წამში იპონით დამარცხდა.

ლუკა კაპანაძემ პირველი ბრძოლის მოგება შეძლო. მან პორტუგალიელ ბრუნო ბაროშს წუთსა და 22 წამში მოუგო, თუმცა მოლდოველ ადილ ოსმანოვთან გაფრთხილებების ხარჯზე დამარცხდა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო და მეორე ეტაპზე ხორვატ დორა ბორტასს 23 წამში იპონით სძლია. მისი მომდევნო მეტოქე ჰოლანდიელი პლუნი კორნელისი იყო, რომელსაც ქართველმა გოგონამ ასევე იპონით მოუგო და ნახევარფინალში გააღწია, სადაც გერმანელ სეია ბალჰაუსს შეხვდა და 42 წამში ისიც იპონზე დააგდო.

ლიპარტელიანი ფინალში გავიდა და ეცდება, რომ ოქროს მედალი მოიგოს. მისი მეტოქე ფინალში იტალიელი სილვა პელიტერი იქნება.

ფინალში გასვლა გიორგი თუთაშვილმაც მოახერხა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე 4 მეტოქეს მოუგო: ურ კლოპჩიჩს (სლოვენია), არტიომს გალაქტიონოვსს (ლატვია), ივო ვერჰოსტერტს (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევს (აზერბაიჯანი).

ფინალში გიორგის მეტოქე მოლდოველი ადილ ოსმანოვი იქნება, რომელმაც ლუკა კაპანაძის დამარცხება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები