Thumbnail

ახალი სამსახური არსენ ვენგერისთვის - ფრანგი მარკო ვან ბასტენის ადგილზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიწვევა ფიფაში სურთ
  • სავარაუდოდ, ფრანგი ამ ორგანიზაციაში ტექნიკურ დირექტორად დაინიშნება 

ლონდონის არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა უახლოეს მომავალში ფიფას ტექნიკური დირექტორი გახდეს. გავრცელებული ინფორამციით, 70 წლის ფრანგი სპეციალისტი ამ ორგანიზაციაში სამწვრთნელო სტანდარტების გაუმჯობესებაზე იზრუნებს, ასევე - სხვადასხვა საფეხბურთო სფეროებს რჩევებით მოამარაგებს.

ფიფაში ვენგერის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად შესაძლოა სულ მალე გამოცხადდეს.

არსენ ვენგერმა არსენალს პრემიერლიგა სამჯერ მოაგებინა

The New York Times-ის ცნობით, ჯანი ინფანტინო, რომელიც ფიფას 2016 წლის თებერვლიდან ხელმძღანელობს, მიზნად საფეხბურთო სამყაროში ცნობილი სახეების მიწვევას ისახავს, რათა ორგანიზაციის გლობალური იმიჯი გააუმჯობესოს.

მანამდე ფიფას ტექნიკური დირექტორის თანამდებობას მარკო ვან ბასტენი იკავებდა, რომელმაც პოსტი გასული წლის ოქტომბერში დატოვა. ამასთან, ივნისში ფიფას გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობიდან წავიდა კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი - ზვონიმირ ბობანი. ორივე მათგანი საკლუბო ფეხბურთში დასაქმდა.

არსენ ვენგერმა არსენალი 2018 წელს, ლონდონურ კლუბში გატარებული 22-წლიანი პერიოდის შემდეგ დატოვა. მანამდე იუწყებოდნენ, უმუშევრად დარჩენილი ვენგერის კანდიდატურა მილანსა და მიუნხენის ბაიერნში განიხილებოდა. სპეციალისტის მიწვევით, რომელიც ბოლო დროს ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობდა, დაინტერესებული იყო პარი სენ-ჟერმენიც, რომელიც ფრანგს კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას სთავაზობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები