Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ნახევარფინალში 11 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა
  • ბასკონია სეზონის პირველ ტიტულთან ახლოსაა

თორნიკე შენგელიას ახალ სეზონში პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს. ესპანური ბასკონია, რომელსაც სწორედ ქართველი კალათბურთელი კაპიტნობს, ივიედოს ოთხთა ტურნირში ჩაერთო, ნახევარფინალური მატჩი მოიგო და ჯილდომდე 1 გამარჯვება აშორებს.

ბასკური კლუბის მეტოქე არგენტინის სამგზის ჩემპიონი და ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული ობრას ბასკეტი იყო, რომელმაც ფავორიტად შერაცხულ ესპანელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

დასკვნითი მეოთხედის წინ, ბასკონია მხოლოდ ქულით იყო წინ, თუმცა, მისი კალათბურთელების უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და შენგელიას გუნდმა 71:59 მოიგო.

ქართველი მძიმე ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:32 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

თოკომ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 4 სამქულიანი ჩააგდო და 17 ქულა მოაგროვა, შევონ შილდსმა 13 ქულა მიითვალა, ილიმანე დიოპმა კი – 10.

ბასკონიელებს ფინალური მატჩი დღეს ელით, მათი მეტოქე კი ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ადგილობრივ ოვიედოს 73:68 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები