Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩების დრო დგება
  • 13 სექტემბერი: არგენტინა-საფრანგეთი, ესპანეთი-ავსტრალია

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლას 4 ნაკრები განაგრძობს. დღეს დასრულებული მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 13 სექტემბერს პეკინში დაგეგმილ ნახევარფინალებში არგენტინა საფრანგეთს ეთამაშება, ხოლო ესპანეთი - ავსტრალიას.

პლეი-ოფის დასკვნითი შეხვედრა შანხაიში შედგა, სადაც “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლები ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს სენსაციად ქცეულ ჩეხეთს გაეჯიბრნენ და 82:70 იმარჯვეს. ანდრეი ლემანისის შეგირდები მეოთხედფინალამდე ასპროცენტიანი შედეგით მივიდნენ და საერთო ჯამში, დღეს, არც ჩეხების ძლევა გასჭირვებიათ.

მატჩში გარდამტეხი მე-3 მეოთხედი გამოდგა, როდესაც ავსტრალიელებმა მეტოქე სამქულიანებით “დაბობმეს” და 30:18 იმარჯვეს. დასკვნითი ათწუთეულის სტარტზე ჩეხებმა შვიდქულიანი გაქცევა მოაწყვეს, თუმცა, "ყვითლებმა" ნელ-ნელა სტატუს-ქვო აღადგინეს და ბოლო წუთებზე სანერვიულო არ ჰქონიათ.

📺 ავსტრალია - ჩეხეთი 82:70

შეხვედრის გმირი სან ანტონიო სპერსის მცველი პატი მილსი გახდა, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი გამოიყენა და თამაში 24 ქულით დაასრულა. ჩეხების მხრიდან 21 ქულა პატრიკ აუდამ მიითვალა, საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ჩიკაგო ბულსის უკანახაზელ ტომაშ სატორანსკის ჰქონდა, რომელსაც ისტორიულ ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა - 13 ქულა, 13 პასი, 9 მოხსნა.

როგორც აღვნიშნეთ, ავსტრალიელები ნახევარფინალში ესპანელებს გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში მედალს გაინაღდებენ, რაც მათთვის ისტორიული შედეგი იქნება. ავსტრალია პლანეტის უმთავრესი ტურნირის კვარცხლბეკზე არასდროს ყოფილა.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები