Thumbnail
  • გრეგ პოპოვიჩის გუნდი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა აშშ-ს ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირზე ტრადიციულად უმთავრესი ფავორიტის რანგში ჩავიდა, თუმცა, ნახევარფინალში გასვლაც კი ვერ მოახერხა.

ამერიკელთა ცოდვა ფრანგებმა დაიდეს, რომლებიც მსოფლიოს პირველობას გაცილებით სერიოზულად მიუდგნენ, ჩინეთში ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობა ჩაიყვანეს და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმეს – 89:79. საინტერესოა, რომ უკანასკნელ 13 წელში, ტოპ-ტურნირებზე ეს აშშ-ს ნაკრების პირველი წარუმატებლობა იყო. ამერიკელებს ბოლოს 2006 წლის მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში საბერძნეთთან ჰქონდათ წაგბული - 95:101.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ეროვნულ გუნდს ბოლო 2 მსოფლიოს პირველობა (2010 და 2014 წლები) ჰქონდა მოგებული, საფრანგეთს კი შანსი გაუჩნდა, ოქროს მედლები ისტორიაში პირველად დაისაკუთროს. აქამდე, ფრანგების საუკეთესო შედეგი ბრინჯაო იყო, რომელსაც ისინი გასულ ტურნირზე ლიტველთა ძლევის ხარჯზე დაეუფლნენ.

მცირე ხნის წინ დასრულებული შეხვედრის გმირი იუტა ჯაზის გმირი რუდი გობერი გახდა, რომელმაც 21 ქულა და 16 მოხსნა (7 შეტევაში) მიითვალა. საერთოდაც, ფარზე ფრანგების უპირატესობა აშკარა იყო. მათ მეტოქეს მოხსნებში 44:28 აჯობეს, ამას ევან ფურნიეს (22) და ნანდო დე კოლოს (18) შედეგიანი თამაშიც დაემატა და ამერიკელებს დონოვან მიტჩელის შთამბეჭდავი გარჯა (29 ქულა) არაფერში წაადგათ.

📺 აშშ - საფრანგეთი 79:89

ამგვარად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ნახევარფინალური წყვილი უკვე ცნობილია. 13 სექტემბერს პეკინში არგენტინა საფრანგეთს გაეჯიბრება. ამავე დღეს, მეტოქეს ელის ესპანეთის ნაკრები. სერჯიო სკარიოლოს შეგირდთა მოწინააღმდეგე ამ წუთებში ავსტრალიის და ჩეხეთის შერკინებაში ირკვევა.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები