Thumbnail

იარაღით ემუქრებოდა და ცხვირი გაუტეხა! პირობითი სასჯელი თურქ ვარსკვლავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სასამართლომ არდა თურანს განაჩენი გამოუტანა
  • 2 წელი და 8 თვე პირობითი სასჯელი

თურქული ფეხბურთის ვარსკვლავ არდა თურანს სასამართლომ პირობითი სასჯელი მიუსაჯა: 2 წელი და 8 თვე იარაღის უკანონო ფლობისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. 32 წლის შემტევს სექსუალურ ძალადობაშიც ედებოდა ბრალი, მაგრამ ამაში გაამართლეს - ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს. 

შემთხვევა, რომელმაც არდა თურანის განაჩენი გამოიწვია, გასულ წელს, სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ბაშაქშეჰირში თამაშობს, კლუბში პოპ-ვარსკვლავ ბერქაი შაჰინს დაუპირისპირდა. თურქული მედიის ცნობით, მომღერალმა ფეხბურთელს ახსნა-განმარტება მოსთხოვა იმის გამო, რომ არდა მის მეუღლეს ელაპარაკებოდა. თურანმა შაჰინს სახეში დაარტყა და ცხვირი გაუტეხა. როდესაც შაჰინი კლინიკაში გადაიყვანეს, თურანი მას გაჰყვა და იარაღით ემუქრებოდა.

არდა თურანი ბაშაქშეჰირმაც დასაჯა - მას 2,5 მილიონი ლირა გადაახდევინეს (დაახლოებით 390 000 ევრო). აღსანიშნავია, რომ მაისში თურანს 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ფულადი ჯარიმაც დააკისრეს იმის გამო, რომ საშინაო მატჩში ლაინსმენს ხელით შეეხო.

არდა თურანს თურქეთის ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული - ბოლოს ეროვნულ გუნდში მან 2017 წელს ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები