Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელები ძალებს აზიურ ტურნირებზე სცდიან
  • სოფიამ პირველი წრე უკვე დასძლია, ოქსანას კორტზე ხვალ ვიხილავთ

გასულ კვირას ოქსანა კალაშნიკოვამ ამერიკული ნიუ ჰეივენის ტურნირზე რუს ანა ბლინკოვასთან ერთად იმარჯვა და პროფესიულ კარიერაში 36-ე ტიტული დაისაკუთრა, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში დაგეგმილ ტურნირზე კი, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია, ახალ მეწყვილესთან ერთად ჩავიდა.

კალაშნიკოვა ამჯერად მონტენეგროელ დანკა კოვინიჩთან ერთად ითამაშებს და უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საინტერესო დუეტს ნაკლებად გაუმართლა, რადგანაც სასტარტო წრეშივე პირველი განთესვის მქონე იაპონურ ტანდემს (ერი ჰოზუმი-მაკოტო ნინომია) გაეჯიბრება. ეს მატჩი ხვალ დილით გახლავთ დაგეგმილი.

წარმატების შემთხვევაში, ოქსანას 60 სარეიტინგო ქულა ერგება და ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებულებს მეოთხედფინალში ამერიკელი კრისტინა მაკჰეილი და რუსი ვალერია სავინიხი ელიან.

ამ დროისთვის, კალაშნიკოვას აქტივში 1 395 ქულაა და ის წყვილთა კლასიფიკაციაში 59-ე ადგილზეა, რაც მის პირად რეკორდს მხოლოდ 16 პოზიციით ჩამორჩება.

სოფია შაფათავა და ემილი ვებლი-სმითი

აზიაშივე, ოღონდ, ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში იმყოფება სოფია შაფათავა, სადაც ასევე 250-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს.

სოფომ და მისმა მეწყვილე ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა ამერიკელები ჟაკელინ ჩაკო და ინგრიდ ნილი 6:3, 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში მე-3 განთესვის მქონე სლოვენიურ-ავსტრალიურ დუეტს (დალილა იაკუპოვიჩი-ჯესიკა მური) ეთამაშებიან.

შაფათავამ ძალები ერთეულთა შეჯიბრის კვალიფიკაციაშიც სცადა, თუმცა, მე-7 რეიტინგით მოასპარეზე ხორვატ იანა ფეტთან 4:6, 2:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები