Thumbnail

'იმედია, ეს ყველაფერს შეცვლის' - ტოჩინოშინის საიუბილეო მოგება ოძეკის რანგში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ოძეკის რანგში 30-ე გამარჯვება მიითვალა
  • 9-ორთაბრძოლიანი წაგებათა სერია დასრულებულია

აკი ბაშოზე სამი დღის ორთაბრძოლები დასრულდა და ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პირველად გამოვიდა დოჰიოდან გამარჯვებული - მან 27-წამიან ორთაბრძოლაში პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა და 1-2 ბალანსი გაუხდა. 

ოძეკის რანგში 23 მარტის შემდეგ პირველად მოიგო

წინა დღით, ასანოიამასთან მარცხის შემდეგ, სუმოს მოყვარულებმა კარგად ნახეს, თუ რა ცუდ ხასიათზე იყო ქართველი ჩემპიონი და მას ამის მიზეზიც ჰქონდა, ახლა კი პირიქით - ტოჩინოშინი შესანიშნავ განწყობაზე იყო, რაც nikkansports.com-თან კომენტარშიც კარგად გამოჩნდა:

"დიდი ხანია, რაც არ გამიმარჯვია. როგორც იქნა, გემოვნებით ვსვამ ბრძოლის შემდეგ ცივ წყალს. იმედი მაქვს, რომ ეს მოგება ყველაფერს შეცვლის", - განუცხადა იაპონური გაზეთის რეპორტიორს ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინს ბოლო გამარჯვება მაისის ბაშოზე ჰქონდა მოპოვებული, როცა დიდ ჩემპიონ კაკურიუს ბაშოს ბოლოსწინა დღეს აჯობა და ამით ოძეკის ტიტულის დაბრუნება გაინაღდა. მას შემდეგ ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ 9 ორთაბრძოლა (1 არგამოცხადება) წააგო. 

აღსანიშნავია, რომ ოძეკის რანგში მან ბოლოს კიდევ უფრო ადრე, მარტის ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტამავაშისთან გაიმარჯვა. ჰოკუტოფუჯისთან მოგება ლევანისთვის საიუბილეო 30-ეა ჩემპიონის (ოძეკი) რანგში. 

ტოჩინოშინი ოძეკის რაგნში: 7 ბაშო - 30 გამარჯვება, 36 მარცხი. 27 ორთაბრძოლა მან ტრავმის გამო გამოტოვა. 

ახლა ტოჩინოშინს მიზნამდე, ოძეკის ტიტულის შენარჩუნებამდე, კიდევ 7 ორთაბრძოლის მოგება რჩება. შემდეგი მეტოქე კომუსუბი აბია (3:2 ურთიერთშეხვედრებში). 

კომენტარები

ბოლო ამბები