Thumbnail
  • არგენტინის ნაკრებმა ტურნირს ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი გამოთიშა
  • სერბებმა სკოლა და კამპაცო ვერ შეაჩერეს

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური სტადია მოულოდნელი შედეგით გაიხსნა. არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ და ჩინეთში დიდი იმედებით ჩასულ სერბეთს 97:87 სძლია და მედლებისთვის ბრძოლას გამოთიშა.

სამხრეთამერიკელები ფარზე სუსტად გამოიყურებოდნენ და ეროპელებს მოხსნებში 29:42 ჩამორჩნენ, თუმცა, ერთბაშად 12 სამქულიანი ჩაუგდეს და ფაქტობრივად მთელი თამაში მდევრის როლში მყოფ სერბეთს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია.

შეუდარებელი იყო არგენტინელთა 39 წლის ცენტრი ლუის სკოლა, რომელიც მე-2 ახალგაზრდობას განიცდის. უბერებელმა კალათბურთელმა ამჯერად 20 ქულა ჩააგდო, სრულიად ტურნირზე ლუისის საშუალო მონაგარი კი 17.8 ქულა და 7.3 მოხსნაა, რაც მის ასაკის სპორტსმენისთვის ფანტასტიური მაჩვენებელია.

ლუის სკოლამ სერბებს 20 ქულა ჩაუგდო

მოედანზე სასწაულებს ჩადიოდა მადრიდის რეალის უკანახაზელი ფაკუნდო კამპაცოც, რომლის ცრუ მოძრაობებსაც სერბებმა ვერაფერი გაუგეს. ფაკუმ 18 ქულა ხომ ჩააგდო და ზედ 12 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მიაყოლა, რითაც მატჩის საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (27) დააფიქსირა.

შედეგად, კამპაცო 1994 წლის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც თამაშში მინიმუმ 15 ქულა, 10 პასი, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მაშინ შთამბეჭდავ ციფრებზე ხორვატი ტონი კუკოჩი გავიდა.

📺 არგენტინა - სერბეთი 97:87

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა და ეცდება, ამჯერად მედლების გარეშე არ დარჩეს (იაპონიაში სამხრეთამერიკელებმა მე-4 პოზიცია დაიკავეს).

საინტერესოა, რომ სერბეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში ათივე შეხვედრაში იმარჯვა, ჩინეთში კი, დღევანდლამდე, მხოლოდ ესპანეთთან ჰქონდა წაგებული. მიუხედავად ამისა, საშა ჯორჯევიჩის შეგირდები ბრძოლას მეხუთე-მერვე ადგილებისთვისღა განაგრძობენ.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები