Thumbnail
  • გურასპაული ფაჩულიას მიერ კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
  • სპეციალური განცხადება ზაზას მეუღლის პოსტს მოჰყვა

ქართულ საკალათბურთო სამყაროში ბოლო დღეების მთავარი სასაუბრო თემა ზაზა ფაჩულიას მიერ კარიერის დასრულება და მასთან დაკავშირებული გამოხმაურებებია. შეგახსენებთ, რომ ყველაზე წარმატებულმა ქართველმა კალათბურთელმა NBA-ში 16 წელი გაატარა, მცირე ხნის წინ კი, გოლდენ სტეიტში ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში მრჩევლად დაინიშნა.

აღნიშნული ამბავი გასული თვის ბოლოს გახმაურდა და მალევე ზაზამ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. ფაჩულიას ნაბიჯს საქართველოსა და უცხოეთში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, მათ შორის არ ყოფილა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეაქცია, რამაც სპორტის ქართველი ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია. საერთო აზრით, ზაზას დონის კალათბურთელი მადლობის წერილს მაინც იმსახურებდა.

ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და...

Posted by Tika Alavidze-pachulia on შაბათი, 07 სექტემბერი, 2019

ამ ამბის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ ზაზას მეუღლის მიერ ორიოდ დღის წინ გამოქვეყნებული ფეისბუქ-პოსტიც, რომელიც გულისტკივილით იყო გაჯერებული.

“როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში, გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის, როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA-ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!”, - წერდა თიკა ალავიძე-ფაჩულია.

როგორც სჩანს, სწორედ ამ განცხადებას და გულშემატკივართა პროტესტს მოჰყვა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პაატა გურასპაულის მიმართვა, რომელიც დღეს გავრცელდა. მასში ფაჩულიას გარდა, ზოგადად ქართული კალათბურთის ვეტერანებსა და მათი ღვაწლის დაფასებაზეა საუბარი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა⬇️ 🔘საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავისი...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2019

“რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა მოთამაშის საკალათბურთო კარიერა, რაც ერთმნიშვნელოვნად გულდასაწყვეტი ინფორმაციაა ქართული სპორტის ქომაგებისა და მთელი საზოგადოებისთვის.

ზაზა წლების განმავლობაში იყო იმ ფორმაციის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ამდენი სიხარული და წარმატება მოუტანა ქართულ კალათბურთსა და ქართველ ხალხს.

ფასდაუდებელია მისი, ვიქტორ სანიკიძის, მანუჩარ მარკოიშვილისა და სხვათა ღვაწლი (სამწუხაროდ, მათაც დაუდგათ აქტიურ კალათბურთთან განშორების დრო) ჩვენი ქვეყნისა და სპორტული სამყაროს წინაშე.

სწორედ მათ მაგალითზე, თავდადებულ შრომისმოყვარეობაზე, ქვეყნის სიყვარულსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა”.

გურასპაულისვე თქმით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია რიგ ნაბიჯებს გადადგამს, რათა მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს ქართველ კალათბურთელთა მიერ განვლილი სპორტული გზა. შესაბამისი ღონისძიებების ფორმატისა და თარიღების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები