Thumbnail
  • ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატში 14 ქართველი ძიუდოისტი ჩაებმება
  • ქართველები ძალებს შერეულ გუნდურ შეჯიბრშიც მოსინჯავენ

ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე წარსდგება. მომავალ ტურნირს 12-15 სექტემბერს ფინეთის ქალაქი ვანტაა უმასპინძლებს, ტატამზე კი, 14 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.

საინტერესოა, რომ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლები არ გვეყოლება 60 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში, რამაც საშუალება მოგვცა, ერთბაშად 4 წონა გაგვეორებინა.

საქართველოს ნაკრების რიგებში არაერთი ისეთი ძიუდოისტია, რომელთაც წარმატებებისთვის უფროსთა კატეგორიაშიც მიუღწევიათ, ამდენად, ჩვენი გუნდი ევროპირველობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად თამამად უნდა მივიჩნიოთ.

მაგალითად, ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის ჩემპიონია და ამავე რანგის ტურნირებზე 4 ბრინჯაო აქვს აღებული, წლეულს კი, მე-3 ადგილი ბაქოს გრანდ სლემზე დაიკავა.

გიორგი თუთაშვილს წლეულს თბილისის გრან პრიზე ვერცხლის მედალი აქვს აღებული, ლუკა კაპანაძე 18-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის ფინალისტია, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი რუმინულ კლუჟში გამართული ევროპის თასის გამარჯვებულია.

აღნიშნულ შეჯიბრზე ლაშა ბექაურსაც უმარჯვია, რომელიც ასაკობრივ ტურნირებში არავის ინდობს და კადეტთა და იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონიც გახლავთ.

ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმაც, რომელიც იუნიორთა მსოფლიოს პირველობის ოქროსმედალოსანია, წლელს კი, ჯერ ბაქოს გრანდ სლემი მოიგო, შემდეგ კი – ზაგრების გრან პრი.

ფინეთში დაგეგმილ ევროპირველობაზე საქართველოს გოგონათა ნაკრების ხუთ წევრსაც ვიხილავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები მონაწილეობას ტურნირის დასკვნით დღეს დაგეგმილ გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებენ.

ბიჭები
66 კგ. - გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე
81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი
90 კგ. - ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური
100 კგ. - ილია სულამანიძე
+100 კგ. - გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

გოგონები
48 კგ. - ნატალია ყიფშიძე
57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ. - მარიამ ჭანტურია
+78 კგ. - სოფიო სომხიშვილი, სალომე მაყიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები