Thumbnail

'ეს იყო საუკეთესო მატჩი მას მერე, რაც საქართველოში ვარ!' - რა თქვა ვაისმა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა
  • ვლადიმირ ვაისი თამაშის ხარისხით და შედეგით კმაყოფილია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა და 'დინამო არენაზე' დანიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

📋 მეტი ამ თემაზე:

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

ვაისი: “ეს იყო საუკეთესო მატჩი მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ! უკეთესი, ვიდრე ესპანეთთან გამარჯვება. ძალიან კარგად ვითამაშეთ დაცვაში, გამოვავლინეთ ხასიათი და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ ფეხბურთელებს. ასევე, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებით მეორე ტაიმში მხურვალედ გვიქომაგეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დანია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ნამდვილად კარგი შედეგია. 

ასეთი ემოციური არ გვახსოვხართ. როგორ აფასებთ მსაჯობას არა მარტო დღევანდელ შეხვედრაში, თუნდაც კოპენჰაგენში?

ვაისი: ეს ჩემი საქმეა და შესაბამისად, ემოციური ვარ თამაშის დროს. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს. იყო იყო ეპიზოდები, როდესაც მსაჯი ჩვენ საწინააღმდეგოდ შეცდა. 

რამდენად კმაყოფილი ხართ საყრდენი ნახევარმცველების თამაშით?

ვაისი: ბედნიერი ვარ, რომ აბურჯანიამ და კიტეიშვილმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. მათ აჩვენეს თავიანთი კლასი. კიტეიშვილი ძალიან კარგად მოერგო ამ პოზიციას და საუკეთესო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში. თუ ასე გააგრძელა, ავსტრიის ჩემპიონატისთვის ზედმეტად კარგი ფეხბურთელი იქნება.

კვერკველიას და ხოჭოლავას არყოფნაში, კარგად ითამაშა გრიგალავამ. თუ ექნება მას შანსი, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი?

ვაისი: გრიგალავამ ძალიან კარგად ითამაშა. გია კარგად ასპარეზობს რუსეთის ჩემპიონატში და სწორედ ამიტომ დავაბრუნეთ ეროვნულ გუნდში. ნაკრებში კონკურენცია მნიშვნელოვანია.

კვარაცხელიას, ან შენგელიას შემოყვანა უფრო ადრე შეგეძლოთ, მაგრამ არ ითამაშეთ მოგებაზე. რატომ?

ვაისი: ყველა გულშემატკივარს მოგება უნდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშეთ. გადავხედოთ მათ ფეხბურთელებს: შმაიხელი, ერიკსენი, კრისტენსენი... უნდა გავითვალისწინოთ ეს გარემოება. ყველას უნდა ხარაიშვილი, ზარანდია, არაბიძე, სხვა ფეხბურთელები, მაგრამ ცოტა დამღალა ამ თემამ. რეალურად, არჩევანს მწვრთნელი აკეთებს. 

გვილია ტაქტიკურ მონახაზში არ ჩაჯდა, თუ ვარჯიშებზე არ გამოიყურებოდა კარგად?

ვაისი: ვაკო გვილია კარგ ფორმაშია, თუმცა ამჯერად გადავწყვიტე რომ ცენტრში კიტეიშვილს და აბურჯანიას ეთამაშათ. ეს იცოდა გვილიამ, რომელიც პროფესიონალია და მზად იყო, ნებისმიერ დროს შესულიყო მოედანზე. როდესაც კვეკვესკირი და კანკავა დაბრუნდებიან, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ძალიან კარგია საქართველოს ნაკრებისთვის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები